ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის კრიზისთან დაკავშირებით თავის მეხუთე ტურნეს იწყებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ახლო აღმოსავლეთის კრიზისთან დაკავშირებით თავის მეხუთე ტურნეს იწყებს.
ის ესტუმრება საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, კატარს, ისრაელსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს. ტურნე 3-დან 8 თებერვლამდე გასტანს, განაცხადა ვაშინგტონში სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.
თითქმის ოთხი თვის წინ ღაზაში ომის დაწყებიდან ახლო აღმოსავლეთში ბლინკენის მეხუთე ტურნეს წინ უსწრებდა -ის შეიარაღებული ძალების მიერ ერაყსა და სირიაში ირანის მხარდამჭერთა პოზიციებზე დარტყმები.
ბლინკენს სურს, თავისი დიპლომატიური ძალისხმევა გააგრძელოს, რათა ღაზის ომში კვლავ იქნეს მიღწეული საზავო შეთანხმება ისრაელსა და პალესტინურ დაჯგუფება ჰამასს შორის, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა. ასევე მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მიაღწიოს მძევლების გათავისუფლებას, რომლებიც ჯერაც დაკავებული ჰყავთ ღაზაში, განაცხადა მილერმა.
პარასკევს ჰამასის მაღალი რანგის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაჯგუფება „ძალიან მალე“ უპასუხებს წინადადებებს, რომლებიც მიმდინარე კვირაში პარიზში შეიმუშავეს ეგვიპტის, კატარისა და ამერიკის შუამავლებმა და რომელიც მოიწონა ისრაელმა.
თავისი მოგზაურობის ფარგლებში ბლინკენი ასევე შეეხება წითელ ზღვაში გემებზე ჰუთების თავდასხმების საკითხს. მილერმა განაცხადა, რომ ბლინკენი შეეცდება, თავიდან აიცილოს კონფლიქტის გავრცელება, „ამასთან დაადასტუროს, რომ შეერთებული შტატები შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა დაიცვას საკუთარი პერსონალი და წითელ ზღვაში თავისუფალი საზღვაო მიმოსვლის უფლება“.
ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, იემენელი ჰუთები წითელ ზღვაში თავს ესხმიან ხომალდებს, რაც ხელს უშლის მსოფლიო ვაჭრობას და ზოგიერთ კომპანიას აიძულებს, უფრო გრძელი და ძვირადღირებული მარშრუტები აირჩიოს.

ასევე დაგაინტერესებთ