“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ეს კრიმინალური ბანდის ხელწერაა.
მათივე განცხადებით, თუკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ლიდერის, მხარდამჭერისა და წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხე, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება რუსული, კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებს.
“რამდენიმე წუთის წინ ივანიშვილის კრიმინალური, მოღალატეობრივი რეჟიმის წარმომადგენლები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხნენ, რაზეც საკადრისი პასუხი მიიღეს.
ეს არის კრიმინალური ბანდის ხელწერა – მუხანათური ჩასაფრებები, ძალადობა და განსხვავებული აზრის ვანდალური ფორმებით ჩახშობა.
თუკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რომელიმე ლიდერის, მხარდამჭერისა და წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხე, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება რუსული, კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებს.
ჩვენ არასდროს ვიტყვით უარს ძლიერი, ერთიანი, თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული საქართველოსთვის ბრძოლაზე!
ვერ შეგვაჩერებენ – აუცილებლად გავიმარჯვებთ!”, – წერია ენმ-ის განცხადებაში.
ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი “ტვ პირველის” ეთერში პირდაპირ ჩართვაში იყო, როდესაც ახალგაზრდა კაცმა მას ჯერ კვერცხი ესროლა, ხოლო შემდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
“ეს იყო დაორგანიზებული. ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ – დღეს კვერცხს გესვრიან, ხვალ იარაღს.. გაიქცა და არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ ყველა მიიღებს პასუხს”, – თქვა ხაბეიშვილმა.
