ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ (ენმ) პროკურატურას მიმართა თბილისში, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესის გამოძიების მოთხოვნით. პარტია დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს კორუფციაში ადანაშაულებს.
ენმ-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა კალაძეს მოუწოდა, საკრებულოს სხდომაზე გასცეს პასუხი როგორც წერეთლის გამზირის, ისე სხვა სივრცეების რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ კითხვებს.
“ჩვენ მივმართავთ კახი კალაძეს, თბილისის მერს – უახლოეს დღეებში ტარდება საკრებულოს სხდომა, ჩვენ მოვუწოდებთ მას მოვიდეს და პასუხი გასცეს არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” კითხვებს, რომელიც მის მიმართ არსებობს, არამედ თბილისელების კითხვას წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მათ შორის, დიღმის ჭალებთან, ვარკეთილის ჭერთან, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით და კიდევ ძალიან ბევრი კორუფციული დანაშაულის გახსენება შეიძლება. იმის მაგივრად, რომ პათეტიკური კომენტარები გააკეთოს და ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს, მას აქვს პასუხისმგებლობა, რომ გასცეს პასუხი კონკრეტულ ბრალდებებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეჭვი გვეპარება, რომ მას ეყოფა გამბედაობა, რომ მოვიდეს და პასუხი გასცეს”, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის 19 აპრილს დაიწყო და ბოლო ინფორმაციით, 2024 წლის იანვრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. 16 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ მერიამ წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი გაუწყვიტა. წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების მიზნით ახალი კომპანიის გამოსავლენად მერიამ 17 704 253 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.
დღეს, 17 იანვარს, დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მიზნით ოთხ კომპანიასთან გააფორმეს ხელშეკრულება. კახა კალაძე პირობას დებს, რომ გამზირის სამანქანო ნაწილი იანვრის ბოლომდე გაიხსნება.