“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იწყებს საკონსტიტუციო დავებს “ქართული ოცნების” წინააღმდეგ. კონკრეტულად, პარტია შეეცდება, სამართლებრივად დაასაბუთოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ “ოცნების” დაწყვეტილების შეუსაბამობა ქვეყნის კონსტიტუციასთან.
ენმ-ში სულ სამი სარჩელი მოამზადეს. აქედან ერთი, რომელიც უკვე შეტანილია საკონსტიტუციოში, ეხება “ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას. საუბარია კომისიაზე, რომელიც თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით შეისწავლიდა ენმ-სა და მისი მაღალჩინოსნების საქმიანობას როგორც 2003-2012 წლებში, ისე შემდგომ პერიოდში. კომისიის დასკვნის საფუძველზე “ოცნება” ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს.
მეორე და მესამე სარჩელი, რომელსაც ენმ-მ ამზადებს, ეხება კანონმდებლობას, რომელიც “ოცნებამ” მიიღო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ და უშუალოდ იმ საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც “ოცნებამ” ამ საკითხზე მოამზადა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს “ქართული ოცნების” წინააღმდეგ. ხელისუფლების მიტაცებით, არჩევნების გაყალბებით, “ოცნების” არალეგიტიმურმა პარლამენტმა შეექმნა კანონმდებლობა, სადაც იდევნება ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. იდევნებიან რიგითი პროტესტანტები, სამოქალაქო აქტივისტები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ტელევიზიები და ჯერი უკვე პარტიების გაუქმებაზეც მიდგა. ამიტომ, ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს იმედი “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო სასამართლოსი, რომელიც მიტაცებულია და ბოლო წლებში მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, იურიდიული საზოგადოების თხოვნით და მოთხოვნით ვიწყებთ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას. ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის ევრო-სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე. ჩვენ ვიწყებთ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელების შეტანას რამდენიმე ეტაპად: პირველ ეტაპზე იქნება გასაჩივრებული და უკვე შევიდა შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში წულუკიანის ე.წ. ღალატის საგამოძიებო კომისიის დასკვნის გასაჩივრებასთან დაკავშირებით. წულუკიანის კომისიამ, ფაქტების განხილვა, ბუნებრივია, არ აწარმოვა. შეკრა დოკუმენტი, რომელიც არის “ასავალ-დასავალის” სტატიების კრებული და ამით ცდილობს დაარტყას საქართველოს უახლოეს ისტორიას. ჩამოშალოს ახალი ქართული სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა 2003-2012 წლების განმავლობაში და გადაწეროს ისტორია. აი, ამის საფუძველზე ხდება დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ და ზოგადად, პროევროპული პარტიების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოება მათი გაუქმების მოთხოვნით. ამიტომ, მთავარი, კონსტიტუციურობის საკითხი სწორედ აქ უნდა გადაწყდეს. მეორე ეტაპზე, გასაჩივრდება და ამავე კვირაში შევა სარჩელები იმ კანონების ანტიკონსტიტუციურობაზე, რომლითაც, პრაქტიკულად, აუქმებს პარტიებს “ქართული ოცნება”. იცით, რომ ასეთი საფუძვლები, არც კონსტიტუციაში და არც ჩვენს კანონებში გაწერილი არ იყო და “ქართულმა ოცნებამ”, მიტაცებული ხელისუფლების საფუძველზე, შექმნა სპეციალური კანონები, რომლითაც ცდილობს ის დღეს საქართველოში დემოკრატიის გაუქმებას […] მესამე ეტაპი – საკუთრივ “ქართული ოცნების” სარჩელთან დაკავშირებით”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ბეჟაშვილის თქმით, პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოკიდებულია “ქართულ ოცნებაზე” და ის არ მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. თუმცა, საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციით, ისინი მაინც მზად არიან სამართლებრივი დავისთვის, რომელიც, როგორც ბეჟაშვილი ამბობს, გახდება საფუძველი საერთაშორისო სასამართლოებში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ საქმის წარმოებისთვის.
ამავე თემაზე:
· „ოცნება“ სამი პოლიტიკური ძალის აკრძალვას მოითხოვს
· “ლელო” პარტიების აკრძალვაზე ახალ კანონს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
· ვგმობ ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას – ზურაბიშვილი




