ენმ: კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის ცენტრალური ოფისი გაიყიდა

პარტია ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, პარტიის გადაწყვეტილებით კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის ცენტრალური ოფისი გაიყიდა. ეს შენობა 2010 წელს აშენდა.
მათივე განცხადებაში ნათქვამია, რომ პოტენციური ამომრჩევლებისთვის, წევრებისთვის, ახალგაზრდებისთვის გაცილებით ხელმისაწვდომები უნდა იყვნენ.
„მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისი, პარტიის რომელიც ყოველთვის იყო და არის ყველაზე სახალხო, ეროვნული პოლიტიკური გაერთიანება, განსაკუთრებით დღეს და ბრძოლის ამ გადამწყვეტ ეტაპზე, იყოს გაცილებით ხელმისაწვდომი ამომრჩევლისთვის, წევრებისთვის, პოტენციური მომხრისთვის, ახალგაზრდისთვის, აქტივისტისთვის თუ ჟურნალისტისთვის. ჩვენ უნდა შევძლოთ ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის არსებული დისტანციის შემცირებაც, ვიყოთ კიდევ უფრო გახსნილი, კიდევ უფრო ღია, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ყველასთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის (საპარლამენტო მანდატებზე უარის გამო) პირობებში, აუცილებელი ფინანსური რესურსის მობილიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პარტიის ფუნქციონირებისთვის. პარტიას უწევს არსებობა და ბრძოლა, წლების განმავლობაში მძვინვარე რუსული პროპაგანდის, ცილისმწამებლურ, ბინძურ პროპაგანდისტულ კამპანიასთან ერთად, ჩვენს პოტენციურ ფინანსურ მხარდამჭერ ბიზნესმენებზე მუდმივი ტერორის პირობებში. მიუხედავად მრავალი სტიგმისა, რომელსაც სხვადასხვა აქტორები ქმნიდნენ, საზოგადოებამ ასევე უნდა იცოდეს, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ აფინანსებს არც ერთი მსხვილი ან დომინანტი დონორი. უახლოეს ხანში ჩვენ ვგეგმავთ ენმ მართვის პროცესში ჩვენი წევრების მეტი უშუალო ჩართულობისა და ამავდროულად, ფინანსური მდგრადობის სისტემის ძირეულ განახლებას, სადაც თითოეულ წევრს შეეძლება თავის წვლილი შეიტანოს პარტიის პოლიტიკური და სხვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ისევე როგორც ჩვენი პარტიის ფინანსურ მხარდაჭერაში.
მოღალატე კრიმინალთა რუსული რეჟიმის საპირწონე ძალისთვის მთავარია სიმართლე, პატრიოტიზმი, ეროვნული ინტერესების ერთგულება და ამასთანავე, ღიაობა, საზოგადოების წინაშე ანგარიშგება, პასუხისმგებლობა და ბრძოლისუნარიანობა ქვეყნის ინტერესებისათვის. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისა და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ამ რთულ დროს, აღნიშნული გადაწყვეტილება მოემსახურება საქართველოსა და ჩვენი გუნდის ამ საერთო და ეროვნულ ინტერესს. ჩვენ ყველამ ერთად, უკომპრომისო, პრინციპული ბრძოლით უნდა დავამარცხოთ მოღალატე კრიმინალთა რეჟიმი და დავიხსნათ ქვეყანა რუსული მარწუხებისგან“, – წერია განცხადებაში.