კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, აშშ-ის სასამართლოს მიმართა და საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა.
2024 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ საქართველომ „ენკასთან“ საარბიტრაჟო დავა წააგო. პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ენკასთვის“ 383.2 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.
ახლა „ენკამ“ აშშ-ში კოლუმბიის ოლქის სასამართლოს მიმართა და პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა. „ენკას“ სარჩელიდან ირკვევა, რომ იმ კომპენსაციასთან ერთად, რომელიც არბიტრაჟმა საქართველოს დააკისრა, კომპანია გადაცილებულ დღეებზე პროცენტის დარიცხვასაც ითხოვს. ამ დროისთვის თანხა, რომელიც საქართველომ „ენკას“ უნდა გადაუხადოს მილიარდ ლარს აჭარბებს.
ქართული მხარის პოზიციის გასარკვევად ნეტგაზეთი იუსტიციის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ამ საკითხზე საჯარო ინფორმაცია ოფიციალურად უნდა გამოგვეთხოვა.
2021 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას აცნობა გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ. აღნიშნულის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის იმდროინდელმა მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კომპანიასთან მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა. თურნავას თქმით – „ჩვენი ამოცანაა, რომ ამ კომპანიასთან ჩვენი შეთანხმება მოხდეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე“.
ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობდა მდინარე რიონზე. პროექტის ღირებულება დაახლოებით 830 მილიონი აშშ დოლარი იყო.
კონტრაქტი მთავრობას გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდა სხვადასხვა სცენარის განვითარების შემთხვევაში, ვიდრე ინვესტორს. კონტრაქტის თანახმად, ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, კომპანია პოტენციურად უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდებოდა.
· ნამახვანჰესზე კანონით გათვალისწინებული დასკვნა არ გაგვიცია — ფინანსთა სამინისტრო
· რა ხდება ნამახვანჰესის კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ – 3 სცენარი
· „ენკას“ მენეჯმენტსა და მთავრობას შორის 2 შეხვედრა გაიმართა — სამინისტრო
· რატომ არ მოამზადა ფინანსთა სამინისტრომ დასკვნა ნამახვანჰესზე — განმარტება
