უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ ენერგორესურსები, განსაკუთრებით, ნავთობი, მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გასაღებია.
„რუსეთი ცდილობს, განაგრძოს აგრესია და ოკუპაცია. ენერგორესურსები, კერძოდ კი, ნავთობი, წარმოადგენს მშვიდობისა და რეალური უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გასაღებს. ევროპამ მეტი უნდა იმუშაოს ენერგორესურსებზე აშშ-სა და სხვა გლობალურ პარტნიორებთან და არა – რუსეთთან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მნიშვნელოვანი შეხვედრები ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, რომლებიც მიმართულია რუსეთის აგრესიის შეჩერებისკენ.
„მთავარია, არ შევანელოთ ტემპი და ზეწოლა განვახორციელოთ რუსეთზე – იმ ერთადერთ სუბიექტზე, რომელსაც სურს ეს ომი და რომელიც პასუხისმგებელია ამ ომზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციისგან (OPEC) ნავთობის ფასის შემცირებას მოითხოვს, რაც, მისი აზრით, დაუყოვნებლივ დაასრულებს რუსეთ-უკრაინის ომს.
„მე ვთხოვ საუდის არაბეთს და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას, შეამცირონ ნავთობის ღირებულება. გულწრფელად რომ ვთქვათ, მიკვირს, რომ არ გააკეთეს ეს არჩევნებამდე. ფასი რომ დაწეულიყო, რუსეთ-უკრაინის ომი მაშინვე დამთავრდებოდა. თქვენ უნდა შეამციროთ ნავთობის ფასი, თქვენ უნდა დაასრულოთ ეს ომი. ეს დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ. ისინი გარკვეულწილად პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რაც მოხდა. მილიონობით სიცოცხლე იკარგება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას.
