“ენერგოპროექტებში გზშ ყველაზე დიდი გამოწვევა იყო”- როგორ აფასებს ბიზნესი გარემოს დაცვის კოდექსში ცვლილებებს?

გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილებები შევიდა. პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება 26 ივნისს მიიღო. წარმოდგენილი ცვლილებების მიზანი ბიზნესისთვის გარემოზე ზეგავლენის შეფასების პროცედურების (გზშ) გამარტივება იყო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომზადებული კანონპროექტის პირველადი რედაქცია ბიზნესისთვის უფრო მეტ ხელის შემწყობ მექანიზმს ითვალისწინებდა, თუმცა პარლამენტმა ცვლილებების დიდი ნაწილი არ გაითვალისწინა.
კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცვლილებები, რომელიც გარემოსდაცვით კოდექსში შევიდა ბიზნესთან კომუნიკაციის გარეშე მომზადდა. საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გვიხსნის, რომ გარდა ვადებისა, ახალი ცვლილებებით, ენერგეტიკის სექტორს უჩნდება შესაძლებლობა უკვე დამტკიცებული პარამეტრები საჭიროების შემთხვევაში მშენებლობის დაწყებამდე შეცვალოს, რა შესაძლებლობასაც აქამდე მოკლებული იყო.
მაია მელიქიძის რეკომენდაციაა, რამდენიმე თვის შემდეგ უკვე პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, დამატებით შეღავათებზე ბიზნესთან საუბარი დაიწყოს.
“გარემოს დაცვის სამინისტროს შემუშავებული ჰქონდა ბიზნესის მხარდამჭერი და გამარტივებული პროცედურები. თუმცა მაშინ, როდესაც უკვე პარლამენტმა დაიწყო მისი განხილვა, გარემოს დაცვის კომიტეტში, როდესაც მიმდინარეობდა მსჯელობა, ის გამარტივებული პროცედურები, რომელიც გათვალისწინებული იყო გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და არა მხოლოდ, ამისი გათვალისწინება პარლამენტის მხრიდან სრულყოფილად ვერ მოხდა. პარლამენტს ჰქონდა თავისი არგუმენტები და შესაბამისად გამარტივებული პროცედურები, რომელიც მაქსიმალურად იყო ბიზნესზე ორიენტირებული, მინიმუმამდე დავიყვანეთ. კარგი იქნება თუ დაახლოებით სამ-ოთხ თვეში კიდევ გავივლით ამ თემას, რადგან უკვე პრაქტიკაში ვნახავთ როგორ მუშაობს და სად იქნება კიდევ გამოწვევა. მომავალში თუკი დაიწყება საუბარი იმაზე, რომ გარკვეული ცვლილებები პრაქტიკიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს, მოხარულნი ვიქნებით უკვე ჩვენი პრაქტიკული გამოცდილება გავუზიაროთ, თუ როგორ მუშაობს ის ახალი კოდექსი,”- ამბობს მაია მელიქიძე.
ბემონის მმართველი პარტნიორი გიორგი მირცხულავა BM.GE-თან აცხადებს, რომ კანონში შესული ცვლილებები ვადების მხრივ პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა არის საკითხები დღეს რაც პროექტების მშენებლობის პროცესს აფერხებს.
მისი შეფასებით, პროექტები, რომლებიც ერთ მდინარეზე ერთმანეთის სიახლოვეს შენდება და ამ ტერიტორიაზე ერთ-ერთ პროექტზე გარემოზე ზეგავლენის შეფასება მომზადებულია, სხვა პროექტებს სრული დოკუმენტაციის წარდგენა აღარ უნდა მოეთხოვებოდეთ.
“გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, ნებართვის აღების პროცესში ინვესტორებისთვის, დეველოპერებისთვის. დრო ძალიან იწელებოდა. ხშირ შემთხვევაში იყო სიტუაცია, როდესაც გზშ შესაბამის უწყებას ბარდებოდა და სხვადასხვა უწყება განიხილავდა, ერთი ერთ დღეს მოიწერებოდა რაიმე კითხვას, მერე სამ კვირაში, შესაბამისად ეს პროექტს აჭიანურებდა.
კანონში უკვე შევიდა ცვლილებები, სადაც დაიწერა ვადები და არის განცხადებული, რომ ვადების დაცვა იქნება, მაგრამ მე ვფიქრობ, რაც უფრო მეტი ცვლილება გაკეთდება და ამ ვადებს შეძლებისდაგვარად ბუნებრივად შეკუმშვა, იქნება უმნიშვნელოვანესი. არავის არ ეგონოს, რომ ვამბობ, რომ გინდა თუ არა არაფრად ჩავაგდოთ გარემო და ვაშენოთ ცუდად, ან ვაშენოთ გარემოს მოთხოვნილებების ან ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნების უგულებელყოფით, მაგრამ აქ ყველაფერში ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ.
პირველი ნაბიჯები სწორი გადაიდგა, უფრო მეტად უნდა მოხდეს ამ კანონის დახვეწა, რომ პროექტებს დრო არ დავაკარგინოთ. მაგალითად, ხშირად ხდება, რომ ერთი და იგივე მდინარეზე შენდება რამდენიმე პროექტი. შეიძლება ამ პროექტებს შორის კილომეტრი, 800 მეტრი იყოს დაშორება და თუ ერთ-ერთ პროექტზე გზშ ორი წლის წინ ან სამი წლის წინ არის გაცემული, ამ შემთხვევაში ალბათ სახელმწიფომ და ორგანიზაციებმა დაზუსტებითი რაღაცები უნდა მოითხოვონ და არა სრული გზშ-ს გაკეთება, რომ უფრო სწრაფად მიეცეს დეველოპერს მუშაობის დაწყების საშუალება, რომ ქვეყანამ სარგებელი ძალიან სწრაფად მიიღოს,” – ამბობს ბემონის მმართველი პარტნიორი გიორგი მირცხულავა.