ჰიდრორესურსებზე მომუშავე კომპანიების ნაწილი CFD-ის მესამე აუქციონის ჩატარებას ითხოვენ, თუმცა შეცვლილი პირობებით. ამბობენ, რომ მეორე აუქციონით დადგენილი ტარიფები, რომელიც პირდაპირ კონტრაქტებზეც გავრცელდა, განსაკუთრებით ჰიდრო ნაწილში მიმზიდველი არ არის და დარგს საინვესტიციოდ საინტერესოს არ ხდის, რომლის მაგალითიც PPA-ზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე შესული განაცხადების სიმცირეა.
ის, რომ ჰიდროს ნაწილში დადგენილი ტარიფი ინვესტორებისთვის მიმზიდველი აღარ არის, ამას ადასტურებს ჩვენთან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია „ბემონის“ მმართველი პარტნიორი. გიორგი მირცხულავას თქმით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა გაძვირდა, 1 მეგავატის მშენებლობა დღეს თითქმის 2 მილიონი დოლარი ღირს, როცა რამდენიმე წლის წინ მისი ღირებულება 1.2 მლნ დოლარი იყო. მისი შეფასებით, არსებული ფაქტორების გათვალისწინებით დადგენილი ტარიფით პროექტების განხორციელება შეუძლებელი ხდება.
“ტარიფი, რომელიც დადგინდა ჰესების მიმართულებით, არის ძალიან დაბალი, რომელიც დეველოპმენტის საშუალებას ძალიან ზღუდავს, იმიტომ რომ ნებისმიერი ინვესტორი ნებისმიერ სექტორში, მით უმეტეს ენერგეტიკა არ არის სწრაფი ამონაგების სექტორი, არის გონივრულ მოგებაზე, ამონაგებზე აწყობილი.
“ბემონი” არის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის სამშენებლო კომპანია, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან გაძვირდა მშენებლობა. ფაქტობრივად, ბოლო სამ წელიწადში გეომეტრიულ ზრდა არა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა იყო და 1 მგვტ პროექტის ღირებულება თითქმის 2 მლნ დოლარზე ავიდა და გადააჭარბა კიდეც, როცა მანამდე 1.2-1.3 მლნ ღირდა.
დეველოპერები უყურებენ ამ რიცხვებს, ხვდებიან პრობლემას და შემდეგ უყურებენ დადგენილ ტარიფს. ფიზიკურად მოდინებაზე მომუშავე ჰესების ძალიან დიდი პრობლემაა, შეუძლებელია ამ ტარიფით მუშაობა, იმიტომ რომ როცა ვხვდებით დეველოპერებს, ვისაც სურთ, რომ ააშენონ და განავითარონ პროექტები, აწყდებიან ფასის პრობლემას და ხშირად არის, რომ ჩვენ რა გათვლაც ჩავდეთ, რეალურ ფასებთან არის ძალიან სერიოზულ აცდენაში. მარტო ჰესებზე არ ვიტყოდი, ქარის მიმართულებითაც მსგავსი პრობლემები დგას”, – ამბობს „ბემონის“ მმართველი პარტნიორი გიორგი მირცხულავა.
როგორც ცნობილია, მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურებისთვის მეორე CFD აუქციონით დადგენილი ტარიფი 6,5 ცენტი, ქარის ელექტროსადგურების შემთხვევაში – 6 ცენტი, ხოლო მზისთვის – 5,6 ცენტია.
