„ენერგოეფექტურობა, პირველ რიგში, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებით იწყება“ – რამაზ გერლიანი

ენერგოეფექტურობა დამოუკიდებლობის წინაპირობაა, რაც ყოფით დონეზე ოჯახების, კომპანიებისა თუ ზოგადად, ქვეყნების მეტ ავტონომიურობაში ითარგმნება.
მწვანე ეკონომიკის შესახებ წიგნის ავტორის, რამაზ გერლიანის თქმით, ენერგოეფექტურობა, ფაქტობრივად ყველა დარგს მოიცავს, მისი პოპულარიზაცია კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ახალგაზრდებშია.
„ენერგოეფექტურობა ავტონომიურობის თვალსაზრისით ცალსახად და ძალიან მნიშვნელოვანია. ენერგოეფექტურობა, ეს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხია, რეგიონულ დონეზე თუ საოჯახო მეურნეობების განვითარების თვალსაზრისით.
ენერგოეფექტურობა ავტონომიური შედეგების მომტანია, რაც ჯამდება და გლობალურ შედეგებს გვაძლევს. ენერგოეფექტურობის პოპულარიზაციის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებში არიან ჩართული.
ენერგოეფექტურობა პრაქტიკულად ყველა დარგს მოიცავს, დაწყებული მშენებლობიდან, დამთავრებული თუნდაც მზის და განახლებადი ენერგიების გამოყენებისა“,- აღნიშნა გერლიანმა ევროკავშირის, რადიო „კომერსანტისა“ და KFW-ის მხარდაჭერით, მომზადებულ რუბრიკაში- “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში.
გერლიანმა ასევე “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში ჩატარებულ სემინარებზე ისაუბრა. მისი თქმით, ენერგოეფექტურობის სემინარებმა აჩვენა, რომ თემა ბევრად მეტ ადამიანს ეხება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში ენერგოეფექტურობაზე ცნობიერების ამაღლება ჯერ კიდევ გამოწვევაა. სწორად დაგეგმილი სტრატეგია და განათლებაზე ორიენტირებული მიდგომა ცვლის მომავალს – სახლიდან ცენტრალურ პოლიტიკამდე.
„ენერგოეფექტურობის ტრენინგ-სემინარებზე მონაწილეთა რაოდენობა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და გამოხმაურებაც შესაბამისად დიდი იყო. ძალიან მნიშვნელოვანია ენერგოეფექტურობის შესახებ ცოდნა რაც შეიძლება ბევრ ადამიანთან მივიდეს. შესაძლოა, ბევრს ეგონოს, რომ ხურო ენერგოეფექტურობასთან არაფერ შუაშია, თუმცა მაგრამ როცა კედლის ამოყვანის დროს ენერგოეფექტურ მასალებს გამოიყენებს, ის უკვე მოსახლეობას საშუალებას მისცემს ნაკლები ენერგია დახარჯოს და მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. ხშირია შემთხვევა, როცა ენერგოეფექტური და ეკომეგობრული სამშენებლო მასალები უფრო იაფიც კი არის, ვიდრე ტრადიციული.
რაც შეეხება საქართველოს გამოცდილებას, ენერგოეფექტურობაზე ცნობიერების მხრივ, ცოტა არ იყოს, ჩავარდნა გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ ბევრია გასაკეთებელი: ცენტრალურ დონეზე, სტრატეგიულ დონეზე და რეგიონალურ დონეზე. ეს ყველაფერი კი თანხვედრაში უნდა იყოს შემდეგ პროცესებთან, იქნება ეს უმაღლეს სასწავლებლებში ენერგოეფექტურობის სწავლება, თუ პროფესიულ კოლეჯებში გასავლელი კურსები.
ენერგოეფექტურობა, პირველ რიგში, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებით იწყება, რასაც მოჰყვება შენობების ენერგოეფექტურობის პრინციპით აშენება. ამის შემდეგ ჯერი ე.წ დამზოგველ ტექნიკაზე დგება, ასევე განათება და ბოლოს- ენერგოდამზოგველი სისტემები; ეს ყველაფერი ერთად საშუალებას იძლევა საყოფაცხოვრებო ბიუჯეტი თუ კომპანიის ბიუჯეტი ოპტიმალურად იყოს გამოყენებული და გრძელვადიან პერიოდში მოგებული დავრჩეთ. ჩვენ, თანამედროვე და ცივილიზირებულ ადამიანებს გვაკისრია ვალდებულება, ეკონომიკურ კეთილდღეობასთან ერთად, ამ კეთილდღეობის განგრძნობადობაზე და გრძელვადიან ნაწილზეც ვიფიქროთ“,- აღნიშნა რამაზ გერლიანმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში.