ბიზნეს ასოციაციას აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე შევლენ მონაწილეები და შეეჩვევიან, თუკი ეს ნებაყოფლობითი იქნება. როგორც მან bm.ge-ის მიერ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ის ფიქრობს, რომ ბირჟაზე კომპანიების შეყვანა არ უნდა მოხდეს სანქციების და იძულების გზით.
„ბირჟას რაც შეეხება, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით რისკებზე. მთავარია, რომ ეს რისკები იყოს დაზღვეული. თუ იქნება ნებაყოფლობითი და არ იქნება კონკრეტული სანქციები, მე მგონია, რომ მონაწილეები შევლენ და შეეჩვევიან ახალ წესებს. მე ვფიქრობ, რომ არა იძულებით, არა ძალდატანებით, არა სანქციებით უნდა ვაიძულოთ კომპანიები, არამედ უნდა იყოს ნებაყოფლობითობა იმისათვის, რომ მან, ვინც ნებაყოფლობით ივაჭრებს, გარკვეული სარგებელი ნახოს, სხვასაც დაანახოს და ანალოგიური სურვილი გაუჩინოს სხვასაც, რომ ივაჭროს ბირჟაზე. ამ ფორმით თუ იქნება, ჩვენ მივესალმებით თუნდაც იმიტომ, რომ ეს იმ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება, რასაც ენერგეტიკული თანამეგობრობა ჩვენ გვთავაზობს, გვირჩევს და ენერგეტიკული სექტორისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
რაც შეეხება კითხვას, თუ რა აჩვენა სიმულაციურმა ვაჭრობამ, ლევან ვეფხვაძემ თქვა, რომ სიმულაციური ვაჭრობა ისე ვერ შედგა, როგორც საჭირო იყო, რადგან ტარიფები ხან მაღალი ჯდებოდა ხან დაბალი.
„კომპანიები ბოლომდე არ მიყვებოდნენ ბაზრის მოთხოვნას და იყო შემთხვევები, როცა ზერელედ ხდებოდა ფასების ჩაწერა, მექანიკურად. ეს შეზღუდული მონაწილეების პირობებში იწვევდა ბაზრის არევას. მე მაინც მგონია, რომ თუ ნებაყოფლობითი იქნება, იქ უფრო მობილიზებული იქნებიან, უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ვაჭრობის ორგანიზებას და გაცილებით რეალობასთან მიახლოებული ფასები დაჯდება“, – თქვა მან.
ლევან ვეფხვაძის თქმით, იმპორტთან დაკავშირებული რისკები არსებობს და ეს საკითხი აუცილებლად უნდა იქნეს განხილული.
შეგახსენებთ, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო, თუმცა მისი გახსნა 6-ჯერ გადავადდა. ბაზრის გახსნა ამჯერად 2024 წლის 1 ივლისს არის დაგეგმილი.