ენერგეტიკული სასმელების ბაზარი იზრდება – იგეგმება რეგულაციები

მსოფლიოში ენერგეტიკული სასმელების გაყიდვები იზრდება. გამოცემა Vox-ი წერს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2018-2023 წლებში ამ პროდუქტის რეალიზაციამ 73%-ით მოიმატა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა თითქმის ნახევარი ამ პროდუქტს კვირაში რამდენჯერმე მოიხმარს. განსაკუთრებით მაღალია ენერგეტიკული სასმელების მოხმარება 18-დან 34 წლამდე ასაკის მამაკაცებში.
უახლოეს 5 წელიწადში კი შტატებში ენერგეტიკული სასმელების ბაზრის მოცულობამ შესაძლოა 30 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.
გამოცემის ინფორმაციით, 2004-დან 2014 წლამდე ამ პროდუქტთან დაკავშირებული, გარდაცვალების 34 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, ენერგეტიკული სასმელების მომხმარებლები აღნიშნავენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ისეთ გართულებებს, როგორიცაა უძილობა, კრუნჩხვები, შფოთვა, კუჭ-ნაწლავის დაავადებები და სხვა.
ენერგეტიკული სასმელები სხვადასხვა სტიმულატორს შეიცავს. შაქრის დიდი რაოდენობის გარდა, თითქმის ყველა მწარმოებლის პროდუქტის შემადგენლობაში შედის კოფეინი. ბევრი მათგანი ასევე შეიცავს ტაურინს.

ექიმების განმარტებით, ამ პროდუქტის ზომიერი მოხმარება ადამიანებს სიფხიზლის შეგრძნებას მატებს, ასევე ზრდის მათში ყურადღებას და ენერგიულობას, თუმცა დიდი რაოდენობით მისი მიღება ნეგატიური ეფექტის მომტანია.
მედიკოსები გვერდით მოვლენებად ასახელებენ ნევროზულობას, გულისრევის შეგრძნებას და სხვა გართულებებს.
ენერგეტიკული სასმლის მოხმარებასთან დაკავშირებულ ყველაზე სერიოზულ შესაძლო შედეგად გულსისხლძარღვთა დაავადებები სახელდება. კერძოდ, საუბარია გულის მუშაობის რითმის პრობლემებზე. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ სასმელების მოხმარება იწვევს გულის რითმის აჩქარებას და წნევის მომატებას, რამაც იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა სპაზმები და სისხლძარღვების თრომბიც კი გამოიწვიოს.
სპეციალისტები მოზრდილ ადამიანებს აძლევენ რეკომენდაციას, დღეში 400 მილიგრამზე მეტი კოფეინი არ მიიღონ.
ენერგეტიკული სასმელები საკმაოდ პოპულარულია საქართველოშიც. მწარმოებლები და დისტრიბუტორები არაერთ სარეკლამო და მარკეტინგულ აქტივობას გეგმავენ, რათა მათი პროდუქტი რაც შეიძლება მომხიბვლელი იყოს მომხმარებლების თვალში.
თუმცა ამ კუთხით უახლოეს პერიოდში გარკვეული რეგულაციების ამოქმედებაა დაგეგმილი.
რეგულაციების მიზანი მავნე საკვებისგან ბავშვებისა და მოზრდილების დაცვაა. საუბარია მარილზე, გაზიან და შაქრიან სასმელსა და საკვებზე. ბიზნესკომპანიებს ექნებათ ვალდებულება, პროდუქციის ეტიკეტზე შემადგენლობის შესახებ მარილის, შაქრის და ტრანსცხიმების შემადგენლობა მიუთითონ. ამასთან, გატარდება ღონისძიებები მავნე საკვებისა და სასმლისგან ბავშვების დაცვის მიზნით.
არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგიის 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის თანახმად, მარილისა და შაქრის შემცველი, (ტკბილი გაზიანი სასმელები) ნებისმიერი სახის მარკეტინგის ბავშვებზე გავლენის შემცირების შესახებ მარეგულირებელი გარემო 2024 წლის ბოლოსთვის უნდა მომზადდეს.
რეგულაციების ამოქმედებამდე დაგეგმილია დიალოგის დაწყება კვების მრეწველობის ბიზნესთან კვების პროდუქტების ეტიკეტირების და არაჯანსაღი საკვებისა და არაალკოჰოლური ტკბილი სასმელების მარკეტინგისგან ბავშვების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.
წყარო:jandacva.ge