CFD აუქციონმა დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დააყენა ენერგეტიკული ბირჟის გახსნის საკითხი. ვალდებულება, რომელიც ქვეყანამ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით აიღო, ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლომდე უნდა შეესრულებინა, თუმცა ბირჟის გახსნა უკვე 6-ჯერ გადავადდა. გადავადების ერთ-ერთ მიზეზად რეგიონში არსებული გამოწვევები დასახელდა. დღესაც რთული გეოპოლიტიკური რისკების გათვალისწინებით დაზუსტებით თქმა, რომ 1 ივლისს ბირჟა გაიხსნება, რთულია.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის აზრით, თუ ბირჟა გაიხსნება მას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნება. ლევან ვეფხვაძემ თვლის, რომ სჯობს ბირჟის გახსნა ისევ გადაიდოს.
„რისკები ალბათ რჩება. მგონია, რომ რაღაც ფორმით რაღაც შეიძლება გაიხსნას, მაგრამ ეს იქნება ძალიან ხელოვნური, ფორმალისტური, ალბათ ისევ სჯობს გადაიდოს და კიდევ ერთხელ კარგად გავიაზროთ ის რისკები, რომელიც შეიძლება იყოს.
ბაზრის გახსნის მთავარი პრობლემა უკავშირდება იმას, რომ ახალ მოდელში ყველა ელექტროენერგია იყიდება ძვირი ელექტროენერგიის ფასად. თუ ეს ძვირი ელექტროენერგია იქნება სუბსიდირებული ელექტროენერგია, მაშინ ბაზარზე სამართლიან ფასს ვერ მივიღებთ. თუ იქნება იმპორტირებული, მაშინ ძალიან გაძვირდება. ამიტომ ჩვენი მიზანი ალბათ არის ის, რომ კარგად დავინახოთ ის რისკები, რომელიც შეიძლება შეიქმნას გამომდინარე იმ რეალობიდან, რომელშიც ვართ იმიტომ, რომ იმ ქვეყნებიდან საიდანაც ჩვენ ელექტროენერგია შემოგვაქვს მსგავსი მოდელი არ არსებობს და თუ არ არსებობს მაშინ შემოტანას რა აზრი აქვს?!
თუ ძვირი ელექტროენერგია იქნება თბოსადგურების, მაგალითად აზერბაიჯანიდან, მაშინ ეს ელექტროენერგია ბაზარზე შევა ერთი და იგივე ფასით ყოველ საათში და მივიღებთ ძალიან ძვირ ყოველ საათობრივად ერთი და იგივე ენერგიას. მაშინ მოთხოვნით განსაზღვრული ფასი აღარ გვექნება. ამ ბაზრის მოდელის არის ორი რამ, რომ მოთხოვნა განსაზღვრავდეს ფასს და მეორე მთელი ელექტროენერგია იყიდებოდეს იმ საათში ყველაზე ძვირი ელექტროენერგიის ფასად.
ამ მოდელში სერიოზულ პრობლემებს ქმნის ზამთრის ნაწილში იმპორტი და ზაფხულში ჰიდროები. ჩამკეტები ჰიდროები ხდებიან და ფასი პრაქტიკულად ნულის ტოლფასია. შესაბამისად, ჩვენ ვეღარ ვიღებთ ისეთ მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს საინვესტიციო გარემოს სტაბილურობას და მეორე, ვიცავთ მომხმარებელს კრიტიკულ მომენტებში. ეს არის კარგად დასანახი, რომ ამან არ გამოიწვიოს ისეთი ტიპის რყევები, რომ მთელ ეკონომიკას პრობლემები არ შეუქმნას“,- აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სურვილია, რომ საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბირჟა რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას. გაერთიანება ბაზრის გახსნის 6-ჯერ გადავადებას უარყოფით ტენდენციად აფასებს, თუმცა ხედავს, რომ ბაზრის გახსნის მოდელი შესაცვლელია. BMG-სთან ინტერვიუში საქართველოში Energy Community-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სალომე ჯანელიძემ განაცხადა, რომ გაერთიანებას მიაჩნია, რომ ბაზრის გახსნის არსებული მოდელის კონცეფცია უნდა გადაიხედოს.
1 ივლისი ბირჟის გახსნის ბოლო ვადაა, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა ჯერ უცნობია.