ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში განხორციელდა ხარჯების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც სახელმწიფომ ერთჯერადად 349 მილიონი ლარი, ხოლო ყოველწლიურ ჭრილში 25 მილიონი ლარი დაზოგა – ირაკლი კობახიძე
ჩვენი სტრატეგიული მიზანია, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, რასაც ენერგეტიკის სისტემის სწრაფი განვითარება ესაჭიროება. ამისათვის, უნდა მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც სისტემის განვითარებას უშლის ხელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განახადა.
პრემიერის თქმით, ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში განხორციელდა როგორც საკადრო, ისე პროექტების ხარჯების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც სახელმწიფომ ერთჯერადად 349 მილიონი ლარი, ხოლო ყოველწლიურ ჭრილში 25 მილიონი ლარი დაზოგა.
„როგორც მოგეხსენებათ, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ენერგეტიკის სფეროს მართვის გასაუმჯობესებლად. ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში განხორციელდა როგორც საკადრო, ისე პროექტების ხარჯების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც სახელმწიფომ ერთჯერადად 349 მილიონი ლარი, ხოლო ყოველწლიურ ჭრილში 25 მილიონი ლარი დაზოგა. ბუნებრივია, დაზოგილი თანხები მთლიანად ენერგეტიკის სისტემის და შესაბამისად, ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება.
ოპტიმიზაციის პარალელურად, ჩვენ სრულად გადავხედეთ ენერგეტიკულ პოლიტიკას. თვეების განმავლობაში, აქტიურად მიმდინარეობდა სექტორში არსებული ყველა გამოწვევის ანალიზი, გამოვლინდა და აღმოიფხვრა მანკიერი პრაქტიკა სხვადასხვა მიმართულებით.
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგიული მიზანია, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, რასაც ენერგეტიკის სისტემის სწრაფი განვითარება ესაჭიროება. ამისათვის, უნდა მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც სისტემის განვითარებას უშლის ხელს“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, განახლდეს ყველა შეჩერებული პროცესი, მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც ახალი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას და ელექტროენერგიის გენერაციის ზრდას უშლის ხელს.
„დღევანდელი მდგომარეობით, განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა 15,000 მეგავატის პოტენციური სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტები. სახელმწიფოს ამოცანაა, ერთი მხრივ, გაცხრილოს სპეკულაციური პროექტები, რომლებსაც განვითარების რეალური პერსპექტივა არ აქვს და მეორე მხრივ, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ყველა იმ პროექტის სწრაფ განვითარებას, რომელსაც კეთილსინდისიერი ინვესტორი ყავს და რომლის მშენებლობასაც კომპანია სათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება.
გასული წლების განმავლობაში, ასეთ კომპანიებსაც შეექმნათ სირთულეები, რაც გამოსწორებას საჭიროებს. ჩვენ გვაქვს მუდმივი დიალოგი ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებთან და დაინტერესებულ ინვესტორებთან და ვისმენთ დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს. ამგვარი დიალოგისა დაკონსულტაციების საფუძველზე, ნათლად გამოიკვეთა, რომ სექტორს განვითარებისათვის სახელმწიფოს მხრიდან დახმარება ესაჭიროება.
ჩვენი მიზანია, განახლდეს ყველა შეჩერებული პროცესი და მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც ახალი ობიექტების მშენებლობას და ელექტროენერგიის გენერაციის ზრდას უშლის ხელს. ჩვენ გვინდა სრულად გადაიტვირთოს პროცესი და განახლდეს ენერგეტიკის სისტემის შეუქცევადი განვითარება სუფთა ფურცლიდან, ორმხრივად გაწერილი ვალდებულებებით და შეთანხმებულ ვადებში“, – განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.




