„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ენერგეტიკის სექტორში ჩართულ კომპანიებს დაგროვილი, ჯამში, ერთი მილიარდი ლარის ჯარიმები ჩამოეწერება, – იმ დათქმით, რომ საქმეს „სერიოზულად მოეკიდებიან“ და ვადებს არ დაარღვევენ, თუ არადა „ნაპატიები ჯარიმებიც აღუდგებათ“.
„ენერგეტიკის სექტორში ჩართულ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა ერთი მილიარდი ლარია“, – განაცხადა დღეს, 10 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
დათქმა კი ასეთია: „იმისთვის, რომ კომპანიებს არ გაუჩნდეთ საქმიანობის უპასუხისმგებლოდ გაგრძელების ცდუნება და არ დააგროვონ ახალი ჯარიმები, არამედ სერიოზულად მოეკიდონ სექტორის გადატვირთვის სახელმწიფო ინიციატივას, მათ განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში სრულად დაეკისრებათ ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება, ამასთან, აღუდგებათ ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით ნაპატიები ჯარიმებიც“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი განცხადებითვე, ერთი მხრივ, კომპანიებს უნდა მოეხსნათ ფინანსური ბარიერი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების პროცესში, მეორე მხრივ კი „უნდა დარჩეთ მაქსიმალური მოტივაცია დაგეგმილი პროექტების საგრანტო ვადებში განსახორციელებლად“.
ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ მთავრობა „მკაცრად მიუდგება“ ახალ შეუსრულებელ ვალდებულებებს ან ახალ დავალიანებებს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე.
იქვე განმარტა, რომ ხელისუფლების სტრატეგიული მიზანია, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, ამას კი ენერგეტიკის სისტემის სწრაფი განვითარება ესაჭიროება.
მისი განცხადებით, დღეს „განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა 15 000 მეგავატის პოტენციური სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტები“.
„სახელმწიფოს ამოცანაა, ერთი მხრივ, გაცხრილოს სპეკულაციური პროექტები, რომლებსაც განვითარების რეალური პერსპექტივა არ აქვს და მეორე მხრივ, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ყველა იმ პროექტის სწრაფ განვითარებას, რომელსაც კეთილსინდისიერი ინვესტორი ჰყავს და რომლის მშენებლობასაც კომპანია სათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება“, – თქვა მან.
ფორუმი




