“ენგურის ხიდზე ტერმინალის ასაშენებლად დიდი ხანია მუშაობა და მზადება მიდის” , – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ვახტანგ ყოლბაიამ BMG-სთან განაცხადა. მისი თქმით, ენგურის ხიდთან ე.წ. ეკონომიკური ზონის შექმნა იგეგმება, სადაც სხვადასხვა ტვირთი უნდა გატარდეს.
“რუსეთს აქვს ამის სურვილი და მუშაობა დიდი ხანია მიდის ენგურს გაღმა, გალის ტერიტორიაზე დიდი ტერმინალის მშენებლობაზე. იქ ე.წ. ეკონომიკური ზონა იხსნება, რომელიც ვაჭრობის განვითარებას გულისხმობს. როგორი იქნება, რა იქნება, უცნობია, მაგრამ ვაჭრობა და ურთიერთობა გახსნილობის, ურთიერთობების, ნდობის აღდგენის საშუალებას იძლევა”, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
ამასთან, ვახტანგ ყოლბაია ადასტურებს, რომ ოკუპირებულ ოტობაიაში ახალი ხიდი შენდება. ის არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების საწყისი ეტაპი იყოს.
“იქით [გალში] მცხოვრები ხალხიც საუბრობს, რომ ე.წ. ცენტრალური გადასასვლელი ჩაიკეტება და გზა ოტობაიიდან გაიხსნება. ეს იქნება მუდმივად თუ რამე პროცესებთან არის დაკავშირებული, ამას ვერ გეტყვით. ოტობაიიდან რომ მზადდება გადასასვლელი, ფაქტია. შეიძლება, საწყისი ეტაპი იყოს იმისთვის, რომ სავაჭრო ურთიერთობებს უფრო ფართო გზა მიეცეს”, – აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.
კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია ხელისუფლებას სოხუმსა და თბილისს შორის ეკონომიკური ურთიერთობა და ენგურის ხიდთან ტერმინალის მშენებლობა ნიშნავს თუ არა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, ის პასუხობს:
“სახელმწიფოების დონეზე, შესაძლოა, ისეთი შეთანხმება შედგეს, რომელიც ჩვენ შეიძლება გვაწყობდეს. შესაძლოა, ისეთი მოდელი შემუშავდეს, რომელიც ხისტ დამოკიდებულებას შეარბილებს და ისეთი რამე შემოიღონ, რაც სოხუმსაც და თბილისსაც შეიძლება აწყობდეს”, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ BMG-სთან.
bm.ge