“ენგურის ხიდთან ტერმინალი შენდება, ეს უკანონო ტერმინალია” – გამახარია

“გიდასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ენგურის ხიდთან ტერმინალი შენდება. რა თქმა უნდა, ეს უკანონო ტერმინალია”, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ “კვირის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც გამახარია ამბობს, აფხაზურ საზოგადოებაში ტერმინალთან დაკავშირებით დისკუსია წლების განმავლობაში მიდიოდა.
“რა თქმა უნდა, ეს უკანონო ტერმინალია, ისევე როგორც ის საგუშაგო, რომელიც იქ ფუნქციონირებს. აფხაზურ საზოგადოებაში ამ საგუშაგოსთან და ე.წ. ტერმინალთან დაკავშირებით წლების განმავლობაში დავა, კამათი მიდის. რაზეა საუბარი – 30 წლის განმავლობაში ადამიანების მიმოსვლა როგორც იქით, ისე აქეთ, ფაქტობრივად, არ შეწყვეტილა. აქეთ რაღაც გადმოაქვთ, იქით ბევრად მეტი გადააქვთ. ბაზრობებზე ჩანთებით დატვირთულ უამრავ აფხაზს ნახავთ. ეს ყოველდღე ხდება, ვაჭრობენ. ამით ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ვინც იქ (ე.წ. საზღვართან) დგას, ამით დიდ ფულს აკეთებს.
რიგითი ადამიანი, რომელსაც პატარა ჩანთა მიაქვს, არაოფიციალურად რაღაც თანხას იხდის. ამასთან დაკავშირებით აფხაზურ საზოგადოებაში დისკუსია მიმდინარეობდა, წლებია ვიცით, რომ ასე ხდებაო. ოპოზიცია ე.წ. ხელისუფლებას აკრიტიკებს, თანხები თქვენს ჯიბეებში მიდის, ხომ არ სჯობს, ოფიციალურად ტერმინალი აშენდეს, ეს ფული დე ფაქტო ბიუჯეტში წავიდესო. ამან გამოიწვია მშენებლობა, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის. ოფიციალურ ვაჭრობაზე საუბარი არ არის, მაგრამ არაოფიციალური ვაჭრობა დიდი ხანია მიმდინარეობს” ,– განაცხადა გამახარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანატოლი გიგაურის ადვოკატი – ორი მიმართულება აქვს მოსამართლეს, ან ბრალდებული უნდა გამართლდეს, ან უნდა გაამტყუნოს – მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად გადაკვალიფიცირების შესაძლებლობა არის, მაინც იმისკენ ვიხრები, რომ ან გაამართლებს ან გაამტყუნებს

ლევან სანიკიძე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებაზე – ბიძინა ივანიშვილი რომ სანქცირებულია, მილიარდობით დოლარი რომ დაკარგა და გაეყინა, ახლა დაკავებულია ამ მოპარული, „ქეში“ ფულის ამოღებით