„ენგურის ხეობაში 2 ახალი ჰიდროპროექტი განხორციელდება“ – დავით მირცხულავა

„ქართულმა ოცნებამ“ 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს. გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც სპეცრაზმმა არაერთხელ დაარბია. ამ დროისთვის, ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები ყოველდღე იმართება. საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ნაწილმა ფინანსური დახმარებები შეაჩერეს. ყოველდღიურად იკლებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილიც ქართულ ეკონომიკაში. კლება შეინიშნება ისეთ დარგებში, როგორებიცაა: მშენებლობა, განათლება, ჯანდაცვა, ენერგეტიკა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემომავალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 55%-ით შემცირდა და მან მხოლოდ $198 მილიონი შეადგინა, ხოლო 2024 წლის 9 თვეში FDI-ის მოცულობა 966 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით, ანუ 640 მილიონი დოლარით ნაკლებია. 2024 წელს ენერგეტიკის სფეროში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის, FDI-ის მოცულობა $150 მილიონი იყო.
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მალე საქართველოში ორი ახალი ჰიდროპროექტი განხორციელდება. რაც შეეხება ინვესტიციებს, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის შეფასებით, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება ამ სფეროს პრობლემებს არ შეუქმნის.
„ცოტა ხანში ქვეყანა ორ დიდ ჰიდროპროექტს გამოაცხადებს, რომელშიც მონაწილეობას უცხოელები მიიღებენ. პროექტი ენგურის ხეობას მოიცავს და ასევე საუბარია ენგურის ჰიდროკუმულაციურ პროექტზე. არის კიდევ რამდენიმე განსახილველი პროექტი, სადაც წინასწარი გამოკვლევა მიმდინარეობს, დაინტერესებული მხარე ძირითადად დასავლური ქვეყნები არიან.
ევროპული ინვესტიციებით განებივრებული ქართული არასდროს ყოფილა, უცხოელების მხრიდან ძირითადად მცირე პროექტებზე, მცირე ჰესებზეა დაინტერესება. იყო ნორვეგიული პროექტი, რომელმაც მოგვიანებით წილი გაყიდა. არ მგონია, ამ პროექტებს (მიმდინარე ორ პროექტი) საქართველოს დღევანდელმა პოლიტიკურმა კურსმა საფრთხე შეუქმნას; ის დასავლური კომპანია, რომელიც პოტენციურ ინვესტორად განიხილება, ისევ საქართველოშია.
საინვესტიციო კლიმატზე გაცილებით დიდი დარტყმა „ენკას“ არბიტრაჟი იყო. ვამბობდი კიდეც, რომ ეს ასე არ დასრულდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ გარედან მართულმა ძალებმა ეს პროექტი ჩაშალეს. ნებისმიერ ქვეყანაში ეს გადაწყვეტილება პოტენციურ ინვესტორებს დააფრთხობს“,- აღნიშნა დავით მირცხულავამ.