ენგურის წყალსაცავი ჩვენ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეა, ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად ვარდნილჰესების კასკადზე ვერავითარი მოქმედება ვერ დაიწყება – მირცხულავა
ვარდნილჰესი II, ვარდნილჰესი III, ვარდნილჰესი IV მართალია, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის კონტროლქვეშაა, თუმცა ვარდნილჰესების კასკადი შპს „ენგურჰესის“ მიერ იმართება და იქ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, ქართულ მხარესთან შეთანხმების გარეშე, ვერავითარ სარემონტო თუ სხვა სახის საქმიანობას ვერ განახორციელებს,- ამის შესახებ ენერგეტიკოსმა დავით მირცხულავამ „კომერსანტთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსული მხარე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვარდნილჰესების რემონტს და მასზე ძალაუფლების დამყარებას აპირებს.
ამჟამად აქტიური მხოლოდ ვარდნილჰესი I-ია, რომლის დადგმული სიმძლავრე 220 მვტ-ს შეადგენს. დანარჩენი სამი კი 90-იან წლებში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზიანდა და ამჟამად წყლითაა დაფარული.
„მდინარე ენგურზე ოთხი ვარდნილჰესია, აქედან ყველა მდებარეობს რეჩხში, გალის რაიონში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სამი მათგანი ჩაძირულია, ყველაზე დიდი- „ვარდნილი I“ საქართველოს ენერგოსისტემის მიერ იმართება. ქვედა 40 მეგა ვატიანი სადგურები, ჯამში კი 120 მეგავატის სიმძლავრის სადგური ჩაძირულ მდგომარეობაშია. ეს სამი სადგური: ვარდნილი II, ვარდნილი III, ვარდნილი IV, 90-იანი წლების შემდეგ, ჩაძირულ მდგომარეობაშია.
კასკადზე ანუ ძირითად ენგურჰესზე და ვარდნილ I-ზე 60/40-ზე შეთანხმება მოქმედებს, რაც გულისხმობს, რომ გამომუშავებული ენერგია 60/-40 პროპორციით იყოფა. 60% რჩება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, 40% კი აფხაზურ მხარეს.
მთავარი ისაა, რომ წყალსაცავი საქართველოს მიერ კონტროლირებულ მხარესაა, ასევე გვირაბის ნახევარი. ქართულ მხარესთან კომუნიკაციის გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერავითარი მოქმედებები ვერ დაიწყება, რადგან ეს ერთიანი კასკადი ენგურჰესის მიერ იმართება“,- აღნიშნა დავით მირცხულავამ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.
