“ნუჟნაია გაზეტას” აფხაზური ტელეგრამ გვერდი აქვეყნებს ენგურის გამშვებ პუნქტზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც ახალი სატვირთო ტერმინალი ჩანს.
აქვე, გამოცემა მომხმარებლების კომენტარებსაც ურთავს:
“როცა ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სატვირთო ტერმინალს აშენებთ და ამავდროულად ამტკიცებთ, რომ ისინი ჩვენი მტერები არიან… ეს საერთოდ რა პოლიტიკაა? ხალხს ატყუებთ თუ საკუთარ თავს? რა ხდება? თბილისმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა, ჩვენ კი ამის შესახებ არც ვიცით! აუუ, გუნბა!” “ჯგუფში „აფხაზეთის პატრიოტები“ წერია, რომ ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სატვირთო ტერმინალის მშენებლობა წარმატებით დასრულდა. „ახალი ტერმინალი გაზრდის გამშვები პუნქტის გამტარიანობას…“ თავდაპირველად იქ სამი Duty Free ააშენეს, ახლა კი საბაჟოს სატვირთო ტერმინალი. როგორ შეიძლება ასე… გუნბამ გუშინ თქვა, რომ ქართველები ჩვენს სიკვდილს და შურისძიებას ითხოვენ…
საინტერესოა, ვის ცდილობენ მოატყუონ?
აღნიშნული ტერმინალის მიზნების შესახებ რამდენიმე თვის წინ ნეტგაზეთთან შერიგების ყოფილი მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილიც საუბრობდა.
ზაქარეიშვილის აზრით, გალის რაიონში, ენგურის ხიდთან აშენებული დიდი ტერმინალი სქემის ნაწილია. ის ფიქრობს, რომ ტვირთები თურქეთიდან შემოდის საქართველოს გავლით და შემდეგ აფხაზეთის ტერიტორიიდან გააქვს რუსეთს:
„ეს ტერმინალი აეროპორტზეა მიბმული. ტვირთები შემოდის, ფუთავენ, ნაწილი სახმელეთო გზით გადააქვთ რუსეთში, ხოლო შორეული რეგიონებისთვის – თვითმფრინავებით. რატომ არ აშენდა ასეთი ტერმინალი, მაგალითად, გაგრაში? იმიტომ, რომ ტვირთების ნაკადი სწორედ გალის მხრიდან შედის. მით უმეტეს, აფხაზეთს ასეთი მოცულობის ტერმინალი საერთოდ არ სჭირდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვერავინ გააკონტროლებს, აფხაზეთში რა ხდება და ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერც ქართულ მხარეს გამოიჭერს ამაში, რომ ხელს უწყობს სანქციების ავლას რუსეთისთვის, ვერც რუსეთს და, მით უმეტეს, ვერც არაღიარებულ აფხაზეთს. სწორედ ამ კონტექსტში მოხდა ამ აეროპორტის აღდგენა, ჩემი აზრით”.
