ენათმეცნიერი მარინე ბერიძე – სიტყვები „მოღალატე“ და „ღალატი“ ძალიან ბევრჯერ გამომიყენებია და ბევრჯერ გამოვიყენებ, როგორც ჩანს – 64 წლის ვარ, საბჭოთა კავშირში დავიბადე, როგორ შეიძლებოდა ეს სიტყვები არ გამომეყენებინა?!

[„მოღალატე“ და „ღალატი“] ძალიან ბევრჯერ გამომიყენებია, ეს მითქვამს და ბევრჯერ გამოვიყენებ, კიდევაც როგორც ჩანს, – ასე უპასუხა ენათმეცნიერმა მარინა ბერიძემ პარლამენტის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო სასამართლოში, როდესაც მათ ბერიძეს კითხვა დაუსვეს გამოუყენებია თუ არა სიტყვები „მოღალატე“, „ღალატი“?
საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმების მოთხოვნით პროცესი მიმდინარეობს, მარინა ბერიძე მიწვეულია, როგორც ენათმეცნიერი და კანონში არსებულ ტერმინებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.
პარლამენტის წარმომადგენელმა ქრისტინე კუპრავამ ექსპერტად მიწვეულ მეცნიერს, მარინა ბერიძეს კითხვა დავუსვა გამოუყენებია თუ არა სიტყვები „მოღალატე“, „ღალატი“? კუპრავამ ასევე წაიკითხა ის საჯარო პოსტები, რომელიც მისივე მტკიცებით, მარინა ბერიძემ საჯაროდ გამოაქვეყნა.
პარლამენტის აპარატის თანამშრომლის ამ სიტყვების წარმოთქმას, დარბაზში მოსარჩელე მხარეების მიერ არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, რაზეც პარლამენტის თანამშრომელმა, ქრისტინე კუპრავამ ასე უპასუხა:
„ჩვენ დღეს ვკითხავთ ექსპერტს, რომლის აზრი საზოგადოებაზე გავლენას ახდენს და გვინდა, საზოგადოებას დავანახოთ, ვისთან გვაქვს შეხება და ეს ადამიანი რამდენად შესაძლებელია ობიექტურ დასკვნას აკეთებდეს“, – აღნიშნა კუპრავამ მარინე ბერიძის მისამართით.
ამის შემდეგ, პარლამენტის წარმომადგენლებს პლენუმის მოსამართლემ მანანა მ ჰკითხა, რა იყო ამ რეპლიკის მიზანი და სურდათ, თუ არა მარინა ბერიძის აცილება, რაზეც პარლამენტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ექსპერტ ბერიძის აცილებას არ აპირებენ, თუმცა „რაც ისაუბრა ქალბატონმა მარინემ, ვერაფერი გაიგეს“.
ამასთან, სხდომაზე პარლამენტის წარმომადგენელი დაინტერესდა, ვინ აფინანსებს კვლევას, რაზეც ექსპერტმა ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე მოხსენებისას.
„თქვენ, იცრუეთ თუ არა საზოგადოებისა და სასამართლოს წინაშე, როდესაც ამბობთ რომ სიტყვა „მოღალატე“ და “ღალატი“ არ გამოგიყენებიათ?!“ – მიმართა პარლამენტის წარმომადგენელმა ენათმეცნიერ მარინე ბერიძეს.
ვიდრე ბერიძე აღნიშნულ კითხვას უპასუხებდა, სხდომის თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ განმარტა, რომ სასამართლოსთვის ეს კითხვა მოხსნილია, რადგანაც სასამართლოს და საზოგადოებასაც აქვს შესაძლებლობა მოიძიოს, ნახოს, მოისმინოს და წაიკითხოს [ინფორმაცია].
მერაბ ტურავას განმარტებით, სასამართლოსთვის რელევანტურია ის, რა პოზიციაც მხარის შუამდგომლობით მოსულმა ექსპერტმა, სპეციალისტმა სასამართლოს წინაშე დააფიქსირა, ხოლო მისი სამართლებრივი მნიშვნელობა, გათვალისწინება, ტურავას თქმით, სასამართლოზეა დამოკიდებული.
„მისი წარსული გამონათქვამების გამო ჩვენ, ქალბატონი მარინას მიერ გამოხატულ პოზიციას ეჭვქვეშ და ჩრდილქვეშ არ ვაყენებთ, რომ ის ასე ფიქრობს“, – განმარტა მერაბ ტურავამ.
თავის მხრივ, პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კითხვები ვეღარ ექნებათ იმ ექსპერტის მიმართ, რომლის სანდოობაც მათთვის ეჭვქვეშ დგას.
„ჩვენთვის ახლა, აცილებას დავაყენებთ-არ დავაყენებთ არ არის რელევანტური. არ შეიძლება, ადამიანის პასუხები, რომელიც ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს, გავითვალისწინოთ“,- აღნიშნა პარლამენტის წარმომადგენელმა.
თავის მხრივ, დასმულ შეკითხვას მარინა ბერიძემ ასე უპასუხა:
„კითხვა გავიგე, მიწოდებია თუ არა პირისპირ საუბარში ვინმესთვის „მოღალატე“ და ასეთი არ ყოფილა. „მოღალატე“ როგორ შეიძლებოდა არ გამომეყენებინა, 64 წლის ვარ, საბჭოთა კავშირში დავიბადე, როგორ შეიძლებოდა არ გამომეყენებინა სიტყვები: „მოღალატე“ და „ღალატი“ , ამიხსენით! უბრალოდ, მე ეს კითხვა გავიგე ასე – ოდესმე, მქონია, თუ არა საშუალება პირისპირ საუბარში ვინმესთვის მეთქვა „მოღალატე“ და ვთქვი, რომ, საბედნიეროდ, ღმერთმა დამიფარა იმისგან, რომ ჩემ [გარშემო] ურთიერთობაში ეს სიტყვა გამომეყენებინა. ძალიან ბევრჯერ გამომიყენებია და ეს მითქვამს და ბევრჯერ გამოვიყენებ კიდევაც, როგორც ჩანს!“ – მიმართა მეცნიერმა მარინე ბერიძემ პარლამენტის წარმომადგენელ იურისტებს, სასამართლოს სხდომაზე.
ბერიძის ამ პასუხს პროცესზე მოსარჩელე მხარეების მიერ ტაში მოჰყვა, რა დროსაც სხდომის თავმჯდომარე, მერაბ ტურავამ მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აღნიშნა, რომ სხდომას ყველას დაატოვებინებდა.
„ყველას დაგატოვებინებთ დარბაზს და სხდომას გადავდებთ განუსაზღვრელი ვადით. თქვენი ტაშები და ემოციები ხელს უშლის სასამართლოს დროზე დაამთავროს სხდომა და დროზე გამოაცხადოს [გადაწყვეტილება]. ყველაფერი ეს დროში ჭიმავს საქმის განხილვის და მიმდინარეობის პროცესს. სტადიონზე ან სადღაც თეატრში კი არ ხართ რომ ტაში დაუკრათ მსახიობების გამოსვლას. ნებისმიერ აზრს, გამონათქვამს, მათ შორის, ქალბატონი მარინეს თითოეულ გამონათქვამს ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი პატივისცემით და ყურადღებით ვეპყრობით“, – მიმართა დარბაზში მყოფებს მერაბ ტურავამ.

ასევე დაგაინტერესებთ