უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი ყველა ქვეყნის პროგრესი მნიშვნელოვანია, ამავდროულად ხაზს უსვამს, რომ გაფართოების პროცესი კომიდან უკრაინამ გამოიყვანა.
ამის შესახებ კულებამ ბრიუსელში, ქართული მედიის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, კითხვაზე, ემხრობა თუ არა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და უკრაინასთან ერთ ჯგუფში ყოფნას.
„მე ვფიქრობ, ერთი დიდი ჯგუფია ახლა იმ ქვეყნების, რომლებიც გაფართოების მონაწილეები არიან. მნიშვნელოვანია ყველა მათგანის პროგრესი დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომით. მაგრამ ეს იყო უკრაინა, ვინც გამოიყვანა ევროკავშირის გაფართოება კომიდან. ორი წლის წინ აქ, ბრიუსელში, გაფართოებაზე საუბარიც კი შეუძლებელი იყო. მაშინ არც ჩვენ და არც საქართველოს ევროპული პერსპექტივაც არ მოგვცეს. დიდი შეცდომა იქნება, ევროკავშირმა დაკარგოს გამოღვიძების და იმის გაგების იმპულსი, რომ ევროკავშირის სიძლიერე გაფართოებიდან მოდის. ის, დღევანდელ დისკუსიებში სასწორზე დევს, კონკრეტული ქვეყნების წევრობაც კი არ არის. ეს არის ევროკავშირის, როგორც ძალის, მომავალი“, — განაცხადა კულებამ.
რაც შეეხება უნგრეთის წინააღმდეგობას უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნაზე, კულებამ თქვა, რომ დღეს შეხვდება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის. კულებამ ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
„ჩვენ ჯერ კიდევ არ გვესმის და ვცდილობთ გავიგოთ, საიდან მოდის ახლანდელი უხეში განცხადებები და რა მიზეზი დგას ამის უკან. უნგრეთის წინააღმდეგობა ვერ შეაჩერებს გაწევრიანების პროცესს, უკრაინა და სხვა ქვეყნები, მაინც გახდებიან ევროკავშირის წევრები, მაგრამ გადაავადებს პროცესს და გაზრდის გაწევრიანების პოლიტიკურ ფასს“, — დასძინა კულებამ.
14-15 დეკემბერს ევროპული საბჭოს სამიტზე ევროკავშირის ლიდერები გაფართოების პოლიტიკას განიხილავენ. 27 ქვეყნის ლიდერმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ამისათვის კი 27-ვე ქვეყნის თანხმობაა საჭირო.
თუმცა ამ დროისთვის უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ღიად ეწინააღმდეგება უნგრეთი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, „უკრაინა ახლა ევროკავშირისგან ძალიან შორსაა“.
უკრაინის პრეზიდენტი არგენტინის შემდეგ შეერთებულ შტატებში ჩავა, სადაც სამშაბათს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართავს შეხვედრას.