ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს შავ ზღვაში ჩაღვრილი ნავთობის გამო?

ქერჩის სრუტეში ორი რუსული ნავთობტანკერის, Volgoneft 212-ისა და Volgoneft 239-ის ჩაძირვა შესაძლოა, შავ ზღვაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა გახდეს, რაც თავის მხრივ ფლორა-ფაუნას სერიოზულად დააზიანებს. ნეგატიურ ეკოლოგიურ შედეგებს პროგნოზირებენ Greenpeace-ში.
უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, ფედერაციის მთავრობა ზუსტ მაჩვენებელს არ ასახელებს და აცხადებს, რომ საწვავის გაჟონვის ზუსტი რაოდენობა დგინდება, ხოლო უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ სვეტლანა გრინჩუკის თქმით, ავარიის შედეგად ზარალმა შესაძლოა, 14 მლრდ დოლარს მიაღწიოს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე საქართველოსთვის ეს ფაქტი საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა საფრთხე იზრდება იმ შემთხვევაში, თუ დაბინძურებული ნაწილი ს სანაპირომდე მიაღწევს.

„მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის პერიოდში ზღვის ცირკულაცია ზაფხულში არის სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, ხოლო ზამთარში – ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ყველაზე საშიში, რომ შავ ზღვაში ჩაღვრილი ნავთობი ჩვენამდე მოაღწევს, არის აფხაზეთის სანაპირო.
იმ შემთხვევაში, თუ ქერჩის სრუტედან ზღვაში ჩაღვრილი ნავთობი ჩვენამდე მოაღწევს, პირველი დარტყმა იქნება ეკონომიკურ ზონაზე და ნაკლებად ტერიტორიულზე. ზოგადად, მსგავსი ტიპის კატასტროფა მძიმე ეკონომიკურ ზიანს აყენებს ზღვაში არსებულ ფლორას და ფაუნას, მითუმეტეს იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ახლა მოხდა“ – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.