ემუქრება თუ არა საფრთხე ნიკორწმინდას? კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ნიმუშად აღიარებული ტაძრის ირგვლივ კამათში სპეციალისტები და ექსპერტები ორ ბანაკად გაიყვნენ. განგაში ატეხეს სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ათასწლოვან ტაძარს საფრთხე ემუქრება და პრობლემა აქაც გელათის ტაძრის მსგავსია. განცხადებას, რომ ნიკორწმინდაში წყალი ჩადის, დაუყოვნებლივ გამოეხმაურა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, რომლის სპეციალისტებიც ამტკიცებენ, რომ ტაძრის მონიტორინგი ბოლოს აგვისტოში განახორციელა და გამორიცხავენ, რომ ახლა ნიკორწმინდას რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს. თუმცა ყველა, ვინც ამ დავას გარედან აკვირდება იხსენებს ფაქტს, რომ გელათის ფრესკები კულტურის ორგანიზაციების, ხელისუფლების და ეკლესიის არაერთი განცხადების მიუხედავად საბოლოოდ განადგურებამდე მივიდა.
