სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუსაბუთებლად მიიჩნევს იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებითაც “ქართული ოცნება” აქციებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას ამკაცრებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანი თბილისა და სხვა ქალაქებში ამჟამად მიმდინარე პროტესტების ჩახშობაა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრში იხსენებენ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ცვლილებების დაანონსებამდე რამდენიმე დღით ადრე, რომელმაც თქვა, რომ დააანონსა “მეთოდური და სისტემური ნაბიჯების გადადგმა და ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ”.
“ქვეყნის მასშტაბით, 320 დღეზე მეტია მოქალაქეები უწყვეტად იკრიბებიან ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. ყოველდღიური პროტესტის ფონზე, ათი თვის განმავლობაში “ქართული ოცნების” პარლამენტმა რამდენიმე ეტაპად მიიღო შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი საკანონმდებლო ცვლილებები: 2024 წლის 13 დეკემბრის, 2025 წლის 6 თებერვლისა და 2 ივლისის ცვლილებებით, რამდენჯერმე გაიზარდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისა და დანაშაულებისთვის გათვალისწინებული სანქციის ოდენობა, შემოღებულ იქნა უკიდურესად რეპრესიული საპოლიციო მექანიზმები, რომლებიც სამართალდამცველებს მოქალაქეების კონტროლის ფაქტობრივად შეუზღუდავ უფლებამოსილებას ანიჭებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულ იქნა რამდენიმე დღეში, დაჩქარებული წესით – დემოკრატიული კანონშემოქმედების პრინციპების დარღვევით, არგუმენტირებული განმარტებითი ბარათის გარეშე და ოპოზიციისა თუ სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გარეშე. […] 2025 წლის 8 ოქტომბერს ინიციირებული კანონპროექტით სანქცია მკაცრდება ბევრ ისეთ სამართალდარღვევაზე, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე უკვე შეეხო პასუხისმგებლობის ზომის გამკაცრება. მაგალითად, 2024 წლის 28 ნოემბრამდე გზის სავალი ნაწილის დაკავებისთვის, 500 ლარის ოდენობის ჯარიმა ან 15 დღემდე ვადით პატიმრობა იყო გათვალისწინებული. ამ ქმედებისთვის პირველ ეტაპზე 4-ჯერ გაიზარდა ჯარიმის ოდენობა, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კი გზის სავალი ნაწილის დაკავება სახდელის ყველაზე მკაცრი ზომით – ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრში ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ აქამდე მიღებული კანონები უარყოფითად შეაფასა ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ. ორგანიზაციის შეფასებით ახლახან დაანონსებული ცვლილებებიც ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც წინა თვეებში მიღებული.
სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილის, ან თუნდაც, ორგანიზატორის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, “პროპორციულობის მკაცრი ტესტის დაცვით” უნდა იქნას გამოყენებული. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მაინც დაიწყება აქციის მონაწილის ან ორგანიზატორის სისხლისსამართლებრივი დევნა, მაქსიმალურად უნდა იყოს არიდებული ე.წ. წინასწარი პატიმრობის გამოყენება.
“რამდენიმე ეტაპად განხორციელებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, კიდევ ერთი საკანონმდებლო პაკეტის ინიციირება მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქართული ოცნება ყველა საშუალებით ებრძვის მშვიდობიან პროტესტს და შეკრების მონაწილეების მიმართ ფაქტობრივად სრულად საპატიმრო სანქციებზე ორიენტირებულ დასჯის მეთოდებს ირჩევს. განსაკუთრებულად პრობლემურია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ინსტრუმენტალიზების შემდეგ სულ უფრო და უფრო აქტიურად იყენებს სისხლისსამართლებრივ მექანიზმებს პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ. დანაშაულის შემადგენლობის გაფართოება აშკარად აჩვენებს, რომ მმართველი გუნდის მიზანია არამხოლოდ შეკრების ორგანიზატორებსა და განსაკუთრებულად აქტიურ მონაწილეებზე, არამედ პროტესტის თითოეულ მონაწილეზე ზემოქმედება და მათი დასჯა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, დაგეგმილი ცვლილებები, რომლებსაც “ქართული ოცნება” რამდენიმე დღეში მიიღებს, მხოლოდ მათ პარტიულ ინტერესებს ემსახურება და უხეშად ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.




