“ემოციებისგან სუნთქვა მიჭირს – მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემი სჯეროდა” – მნიშვნელოვანი დღე “სუხიშვილების” სოლისტის, მარიამ მათიაშვილის ცხოვრებაში – Marao
“ორი გრძელი წლის შემდეგ, საბოლოოდ, დავბრუნდი სცენაზე და ისევ ვიცეკვე. ემოციებისგან სუნთქვა მიჭირს – მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემი სჯეროდა, მხარში მედგა და წინ მიბიძგებდა, როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა.
დავბრუნდი ჩემი ცხოვრების იმ ეტაპზე, რომელიც განმსაზღვრელია ჩემთვის და უბრალოდ არ არსებობს საკმარისად ძლიერი სიტყვები იმის აღსაწერად, თუ რას ვგრძნობდი დღეს”, – წერს მარიამ მათიაშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.
მარიამ მათიაშვილი ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილების” სოლისტია. მან ორი წლის წინ იქორწინა რჩეულზე, დავით თოფურიაზე, ცოტა ხნის წინ კი პირველი შვილის, ლეას დედა გახდა. ორსულობის ბოლო თვეები, ასევე, მშობიარობის შემდეგ 9 თვე მარიამმა სახლში გაატარა და ეს მნიშვნელოვანი პერიოდი მთლიანად შვილს მიუძღვნა, ახლა კი დადგა დრო, რომ ის პროფესიას დაუბრუნდეს – მარიამი მაყურებელმა ახალი ძალებითა და შემართებით კვლავ იხილა სცენაზე.
მარიამ მათიაშვილი მოცეკვავეა, რომელიც არაერთი წელია “სუხიშვილების” სოლისტია. მარიამი ქართული ცეკვით ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა, რადგან ის თეა დარჩიას უფროსი ქალიშვილია.
როგორც თეა დარჩია არაერთ ინტერვიუში იხსენებდა, მუდმივი გასტროლებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო შვილებთან დიდი დროის გატარებას ვერ ახერხებდა.
“როცა პირველად მომიყვანეს პირველი შვილი, 1990 წელი იყო. ვიყავი შოკში. იცით, რას მივხვდი 19 წლის ასაკში? ღმერთის დახმარების გარეშე, უბრალოდ, გამორიცხულია, რომ ამხელა რაღაც შეძლო. ასევე, იმ მომენტში გავიაზრე, რა მაგრად ვყვარებივარ დედაჩემს. მეორე შვილი გაჩნდა 10 წლის შემდეგ, მაგრამ ზუსტად იგივე შეგრძნება განმეორდა, დავბრუნდი ათი წლით უკან, მესამეზეც – იგივე და მეოთხეზეც – იგივე, მაგრამ უფრო და უფრო ძლიერი, იმიტომ, რომ ასაკის მატებასთან ერთად უკეთ იაზრებ, რამხელა ბედნიერებაა დედობა”, – ამბობდა თეა დარჩია.
მარიამი უკვე თავადაც დედაა – მას პირველი შვილი, ლეა, 2025 წლის იანვარში შეეძინა. მისი და დავით თოფურიას ქორწილი კი 2023 წელს შედგა. წყვილმა გრანდიოზული წვეულება კაჭრეთში გამართა. ორდღიან აღნიშვნას თან მხიარულება და უამრავი ლამაზი კადრი სდევდა. ქორწილში “სუხიშვილებმა” საოცარი შოუ დადგეს, იცეკვა თეა დარჩიამაც. ფოტოები და ვიდეოები კი სოციალურ ქსელში დიდი ხნის მანძილზე ტრიალებდა.
მარიამს ქორწილში ორი კაბა, ერთი – უფრო მეტად სადღესასწაულო, მეორე კი – უფრო მოკრძალებული. უმშვენიერესმა პატარძალმა უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.
ახლა მარიამის ცხოვრებაში მთავარი შვილია – მის სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით ლეას ფოტოებსა და ვიდეოებს. ასევე, რჩევებსა და რეკომენდაციებს ახალბედა დედებისთვის.




