Financial Times, ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტებში საკუთარი მოქალაქეების დაფინანსება ისლამისტური რადიკალიზაციის საფრთხის გამო შეზღუდა.
ივნისში არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლესი განათლების სამინისტრომ სახელმწიფო სტიპენდიის პროგრამაში შემავალი წამყვანი გლობალური უნივერსიტეტების სია გამოაქვეყნა, რომელშიც ბრიტანული უნივერსიტეტები ვერ მოხვდა.
ერთ-ერთი წყარო FT-ს უყვება, რომ როდესაც გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურმა პირებმა სიაში ბრიტანული ინსტიტუტების არარსებობა გააპროტესტეს, არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს გამიზნული გადაწყვეტილება იყო.
“[არაბთა გაერთიანებულ საამიროებს] არ სურთ, რომ მათი ბავშვები უნივერსიტეტის კამპუსებზე რადიკალიზდნენ” – დაამატა გამოცემის წყარომ.
იგივე წყაროს თქმით, პასუხად, გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს აკადემიური თავისუფლების მნიშვნელობას.
FT აღნიშნავს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰიანის მმართველობის პირობებში, აბუ-დაბი წლების განმავლობაში ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებას, არ გამოეცხადებინა “მუსლიმთა საძმო” აკრძალულ ორგანიზაციად. პრემიერმინისტრ კირ სტარმერის ადმინისტრაციამ გასულ წელს განაცხადა, რომ ეს საკითხი “დეტალური განხილვის” ქვეშ იმყოფება.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ 2015 წელს ჩატარებულმა ყოვლისმომცველმა მიმოხილვამ “მუსლიმთა საძმოს” შესახებ დაასკვნა, რომ ჯგუფი ბრიტანეთში ან მის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული არ იყო.
გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულმა ერთ-ერთმა აკადემიკოსმა ბრიტანულ უნივერსიტეტებში ისლამისტური აქტივობის მასშტაბებთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების შეშფოთებას არარეალისტური უწოდა, თუმცა მან აღიარა, რომ ისრაელი-ჰამასის ომს ბრიტანულ კამპუსებზე “დესტაბილიზებელი გავლენა” ჰქონდა.
FT აღნიშნავს, რომ 2023-2024 წლებში გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტებში დაახლოებით 3 მილიონი სტუდენტისგან 70 სტუდენტს “ისლამისტური რადიკალიზაციის” ნიშნები აღენიშნებოდათ. ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატებოდა წინა წლის მონაცემს.
tabula.ge




