12 დღიანი ომის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე, რეგიონში რუსეთისა და ჩინეთის პოეზიებზე, ასევე იმაზე თუ რა ხდება რუსეთ-აზერბაიჯანსა და სომხეთ-რუსეთს შორის, „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, აღმოსავლეთმცოდნეს, ემილ ავდალიანს ესაუბრა
– ბატონო ემილ, ისრაელსა და ირანს შორის 12 დღიანი ომი დასრულებულადაა გამოცხადებული. ყოველ შემთხვევაში ასე აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი.
უცნაური ისაა, რომ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ გამარჯვებას დღემდე ზეიმობს ირანი, ისრაელი ომის შედეგებზე აღმატებულად კი საუბრობდა, მაგრამ ახლა ამ თემაზე უფრო თავშეკავებულად საუბრობენ, მათ შორის ისრაელის პრემიერი ნეთანიაჰუ.
მეორე უცნაური ამბავი ამ ომთან დაკავშირებით ისაა, რომ თავიდან აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი ირანის გამდიდრებული ურანისა და ამავე ქვეყნის ბირთვული შესაძლებლობების განადგურებაზე საუბრობდა. ახლა ამასაც არ ამბობს.
12 დღიანი ომის შემდეგ, სავარაუდოდ, როგორ გამოიყურებიან ომში ჩართული ისრაელი და ირანი, და სავარაუდოდ, ომის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში როგორი გამოიყურება დაპირისპირებულ ძალთა შორის ბალანსი?
– თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლო აღმოსავლეთში ახალი წესრიგი ყალიბდება. 2023 წლის ოტომბრამდე რეგიონის ყველაზე გავლენიან სახელმწიფოდ ირანი მიიჩნეოდა.
თეირანი, როგორც თვითონ ირანელი პოლიტიკოსები ამაყობდნენ, ოთხ არაბულ დედაქალაქს, ბაღდადს, ბეირუთს, დამასკოს და სანას აკონტროლებდა. ირანს ხმელთაშუა ზღვამდე სახმელეთო დერეფანი ჰქონდა გაკაფული და მის მიერ მხარდაჭერილი „წინააღმდეგობის ღერძი“ თავისი სიძლიერის მწვერვალს მიაღწია.
მეტიც, 2023 წლის მარტში ირანმა თავის დაუძინებელ მოწინააღმდეგესთან, საუდის არაბეთთანაც მოახერხა ურთიერთობების დალაგება, რამაც არაბულ ქვეყნებთან ირანის შეტაკების შანსები შეამცირა.
2025 წლის შუა პერიოდისთვის კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა. „წინააღმდეგობის ღერძი“ მორღვეულია – ჰამასი და ჰეზბოლა მნიშვნელოვნად დასუსტებულან, ხოლო ასადთა დინასტია კი დაეცა, ირანის საჰაერო თავდაცვითი სისტემები კი დაკნინებულ მდგომარეობაშია. ამრიგად, ახლო აღმოსავლეთში ისრაელის სამხედრო დომინანტობა, რომლის უკან აშშ-ის სამხედრო პოტენციალი დგას, ახალ რეალობად იქცა. ირანს მრავალი წელი დასჭირდება არსებული არასახარბიელო მდგომარეობის გამოსასწორებლად.
2025 წლის შუა პერიოდისთვის კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა. „წინააღმდეგობის ღერძი“ მორღვეულია – ჰამასი და ჰეზბოლა მნიშვნელოვნად დასუსტებულან, ხოლო ასადთა დინასტია კი დაეცა, ირანის საჰაერო თავდაცვითი სისტემები კი დაკნინებულ მდგომარეობაშია. ამრიგად, ახლო აღმოსავლეთში ისრაელის სამხედრო დომინანტობა, რომლის უკან აშშ-ის სამხედრო პოტენციალი დგას, ახალ რეალობად იქცა. ირანს მრავალი წელი დასჭირდება არსებული არასახარბიელო მდგომარეობის გამოსასწორებლად
კიდევ ერთი საინტერესო რეალობაა ის, რომ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე ჩინეთის შესაკავებლად ყურადღების გადატანა აშშ-ის მთავარ საგარეო პოლიტიკურ მიზანს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, აშშ ვერ ახერხებს ახლო აღმოსავლეთიდან გასვლას. ეს ვაშინგტონისთვის სერიოზულ დილემას წარმოადგენს.
ევროპის ქვეყნებისთვის უკრაინის პრობლემის დელეგირება შესაძლებელი იყო. შესაძლებელია იგივეს გაკეთება ახლო საღმოსავლეთში – ისრაელისთვის და არაბული ქვეყნებისთვის რეგიონის უსაფრთხოების შენარჩუნების დელეგირება?
ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ირანს და მის მოკავშირეებს მეტი სამხედრო რესურსი გააჩნიათ, ვიდრე ცალკე აღებულ ისრაელს. ამიტომაც, ამერიკის ჩართულობა რეგიონში მუდმივად საჭირო იქნება, რაც ჩინეთზე ყურადღების გადატანის პრობლემას ამძიმებს.
– ირანი გამდიდრებულ ურანის ადგილსამყოფელზე არავინ არაფერს ამბობს. მაგრამ, თუ ირანის ხელისუფლების ქცევას მივადევნებთ თვალს, ირანის ხელისუფლება საკმაოდ ყოჩაღად ოპტიმისტურ განწყობაზე გამოიყურება.
მეტიც, აცხადებს, რომ თეირანის ხელისუფლება არასდროს იტყვის უარს არც ურანის გამდიდრებაზე და მშვიდობიანი მიზნებისთვის მის გამოყენებაზე და არც თავის ბირთვულ პროექტებზე.
ისიც გამორიცხულია, რომ ირანს გამდიდრებული ურანი, რაზეც მილიარდები დახარჯა, ან ჩინეთში გაეტანა, ან რუსეთში.
დამკვირვებელთა უმრავლესობა კი ამტკიცებს, რომ ირანი თავის ბირთვულ პროექტს 10-15 წელი ვერ განახორციელებს. თქვენ ასე ვარაუდობთ?
– ღია წყაროებში არსებული მონაცემები დამაბნეველია. ამერიკული მხარე იუწყება, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ჩამოშლილია, ხოლო თეირანი კი, აღიარებს რა მნიშვნელოვან ზარალს, რომელიც დაბომბვას მოჰყვა, ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის სურვილსა და უფლებაზე, ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა გააგრძელოს.
დიდი ალბათობით, ირანის ბირთვული პოტენციალის სრულად განადგურება შეუძლებელიცაა, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალი ბირთვული ობიექტია აშენებული, რომლის არსებობის შესახებაც, სავარაუდოა, დასავლურმა ქვეყნებმა და ისრაელმა არც იციან.
დიდი ალბათობით, ირანის ბირთვული პოტენციალის სრულად განადგურება შეუძლებელიცაა… ამ მომენტისთვის ნათელია, რომ ირანის ბირთვული პროგრამა რამდენიმე წლით იქნა უკან დახეული, თუმცა ამერიკისთვის ამ პრობლემის სრულად მოგვარება მაინც ვერ მოხერხდა
ამიტომაც, ამ მომენტისთვის ნათელია, რომ ირანის ბირთვული პროგრამა რამდენიმე წლით იქნა უკან დახეული, თუმცა ამერიკისთვის ამ პრობლემის სრულად მოგვარება მაინც ვერ მოხერხდა.
– ფაქტია, რომ 12 დღიანი ომის შემდეგ რეგიონში ვითარება შეცვლილია. მანამდეც საკმაოდ შეცვლილი იყო, რადგან სირიაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის რეჟიმი დაცემული იყო.
რეგიონში სუნიტური ქვეყნები ისრაელს ბევრ რამეში არ ეთანხმებოდნენ, მათ შორის პალესტინელებისა და ჰამასელების ურთიერთობის საკითხებში, მაგრამ, არც შიიტურ ირანთან ურთიერთობისთვის თავს არ იწუხებდნენ, რადგან ყველა მათგანი ნავთობის მომპოვებელი ქვეყნებია. ფაქტია ისიც, რომ საუდის არაბეთმა ომის შემდეგ მკვეთრად გაზარდა ნავთობის მოპოვება.
ახალ რეალობაში, როცა რუსეთ-ჩინეთი-ირანის ღერძში, ყველაზე მატად ირანი დაზარალდა, როგორია რუსეთ-ირანის ურთიერთობები?
– რუსეთი და ირანი არ არიან მოკავშირეები და არასდროს ყოფილან. მიუხედავად იმისა, რომ ამ წლის იანვარში სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, მოსკოვსა და თეირანს ერთმანეთისთვის სამხედრო დახმარების ვალდებულება არ აუღიათ. მათ ეს უბრალოდ არ სჭირდებათ, რადგან ასეთი სტილის ვალდებულება, მათი გააზრებით, ამ ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას მოქნილობას დაუკარგავს.
ამასთან ერთად, ისიცაა ნათელი, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები მხოლოდ უკრაინის საკითხს როდი ეხება. ირანის ბირთვული პროგრამა მნიშვნელოვანი კომპონენტია მოსკოვისა და ვაშინგტონის გათვლებში და ეს აწუხებს თეირანს, რადგან ის შიშობს, ვაჭრობის საგნად არ იქცეს.
ირანის ბირთვული პროგრამა მნიშვნელოვანი კომპონენტია მოსკოვისა და ვაშინგტონის გათვლებში და ეს აწუხებს თეირანს, რადგან ის შიშობს, ვაჭრობის საგნად არ იქცეს
ამის მიუხედავად, ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ისევ პრაგმატული ხასიათის იქნება. სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ტრანზიტული დერეფნები, სამხედრო და კოსმოსში სამშვიდობო თანამშრომლობა – ეს ის მოკლე ჩამონათვალია იმ სფეროების, რომელშიც ორი ქვეყანა გააგრძელებს აქტიურ უკრთიერთობებს. ამის კარგი მაგალითია ირანული კომპანიის მიერ გაცხადებული მზაობა, რომ ასტრახანის პორტი სრულად შეისყიდოს.
– ვიცით, რომ ომამდე ირანი თავისი მოპოვებული ნავთობის უდიდეს ნაწილს ჩინეთს აწვდიდა. მეტიც, ირან-ჩინეთს შორის ურთიერთობები სულ ღრმავდებოდა.
მას შემდეგ რაც 12 დღიან ომში ირანის ჰაერსაწინააღმდეგო რუსული წარმოების ს-300 და ს-400-მა არც გაამართლა და მათი უმეტესობა განადგურდა, გავრცელდა ცნობა, რომ ასეთი ტიპის ბევრად გაუმჯობესებულ იარაღს ირანი ჩინეთისაგან შეიძენს.
სავარაუდოდ, როგორი იქნება ირან-ჩინეთის ურთიერთობები? იმის გამო რომ ჩინეთი ახლა რუსეთზე ბევრად ძლიერი ქვეყანაა, ჩინეთი დაეხმარება ირანს კვლავ გახდეს ჩინეთ-რუსეთ-ირანის ღერძის მონაწილე?
– ჩინეთს მცირე გავლენა აქვს ირანის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე. პეკინისთვის ირანი მნიშვნელოვანია, როგორც იაფი ნავთობის მიმწოდებელი. სხვა მხრივ, ჩინეთს, გარდა დიპლომატიური განცხადებებისა, არ შეეძლო აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო შეტევების შეჩერება.
ისრაელ-ირანის კონფლიქტში აშშ-ს მხრიდან რუსეთზე ფსონის დადება ჯდება იმ მიდგომაში, რომლის მიხედვითაც, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები უნდა გაუმჯობესდეს, რათა რუსეთი ჩამოსცილდეს ჩინეთს, ან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეამციროს
მეტიც, ვაშინგტონმა „ირანის პრობლემის“ მოგვარების საკითხში ფსონი უფრო რუსეთზე გააკეთა, რაც დასტურდება იმ სატელეფონო საუბრებით, რომლებსაც ორი ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის ჰქონდა ადგილი. ეს ვაშინგტონის მხრიდან გამიზნულ პოლიტიკურ თამაშს წარმოადგენდა, რადგან ტრამპის ადმინისტრაციას სურს, მნიშვნელოვან საკითხებში ჩინეთის გავლენა შეკვეცოს.
ისრაელ-ირანის კონფლიქტში აშშ-ს მხრიდან რუსეთზე ფსონის დადება ჯდება იმ მიდგომაში, რომლის მიხედვითაც, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები უნდა გაუმჯობესდეს, რათა რუსეთი ჩამოსცილდეს ჩინეთს, ან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეამციროს.
– გვახსოვს, რუსეთი საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში მოუწოდებდა მონაწილეობა მიეღო 3 + 3-ის ფორმატში.
თავიდან ამ ფორმატის ინიციატორად თურქეთი დასახელდა, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქართველოს ყველაზე თანმიმდევრულად და მუდმივად ამ ფორმატში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი ეპატიჟებოდა.
თქვენი აზრით, დასრულდება საუბარი საქართველოს 3 + 3-ის ფორმატში მონაწილეობაზე, თუ ჩვენ ისევ მიგვიწვევენ იმ ღერძში მონაწილეობის მისაღებად, რომელშიც დასავლეთთან დაპირისპირებულ ჩინეთი, რუსეთი და ირანია?
– ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო, შესაძლოა, 3 + 3 -ის ფორმატში მონაწილეობას დათანხმდეს. ამას მრავალი მიზეზი ექნება, რომელთა შორის ერთ-ერთია, ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე მოვლენებს არ ჩამოვრჩეთ.
იმის გათვალისწინებით, რომ ოფიციალური თბილისი სულ უფრო აქტიურად ცდილობს მრავალ-ვექტორული საგარეო პოლიტიკა გაატაროს და ნაკლებად იყოს დასავლეთზე დამოკიდებული, სავსებით შესაძლებელია, ვიხილოთ საქართველოს ჩართვა 3+3-ის ფორმატში.
ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო, შესაძლოა, 3 + 3 -ის ფორმატში მონაწილეობას დათანხმდეს
რა თქმა უნდა, მთავარი დამაბრკოლებელი ისევ და ისევ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია და ის ფაქტიც, რომ 3+3-ის ფორმატი ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. მეტიც, თუ გავითვალისწინებთ ამ ფორმატში მონაწილე ქვეყნებს შორის არსებულ წინააღმდეგობებსაც, ნაკლებად სავარაუდოა, ახლო მომავალში 3+3-ის ეფექტიანი ამუშავება.
– ბოლო თვეები და დღეებია თვალს ვადევნებთ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში დაძაბულობის მატებას.
დამკვირვებელთა ნაწილი თვლის რომ მოსკოვი თავის ტრადიციას არ ღალატობს და აზერბაიჯანის დამორჩილებას იმპერიული მეთოდებით ცდილობს. მეორე ნაწილი თვლის რომ რუსეთის დასუსტების ფონზე რუსეთთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური ბრძოლა უბრალოდ გრძლდება.
აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთოვების გამწვავება როგორ აისახება სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციებზე?
– მართალია ბაქოსა და მოსკოვს შორის აღნიშნული დაძაბულობა 2024 წლის დეკემბრიდან დაიწყო, როდესაც რუსეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის თვითმფრინავს ესროლეს, რამდენიმე დღის წინ, ეკატერინბურგში, მომხდარმა მოვლენამ მეტად გაამძაფრა ორი ქვეყნის ურთიერთობები.
ვფიქრობ, აღნიშნული მოვლენები მაინც უფრო საბაბს წარმოადგენს, ვიდრე რეალურ მიზეზს დაძაბულობისა. მას შემდეგ რაც 2023 სექტემბერში ბაქომ მთიან ყარაბაღზე კონტროლი სრულად დაიბრუნა, რასაც რუსი სამშვიდობოების გასვლაც მოყვა, აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკაში გარდაუვალი იყო მნიშვნელოვანი ცვლილებები.
ბაქოს პოლიტიკური დამოკიდებულება მოსკოვზე შემცირდა. ამასთან ერთად, აზერბაიჯანი აქტიურად ეწევა სხვა მნიშვნელოვან მოთამაშეებთან ურთიერთობების გაღრმავებას. მაგალითად, ბოლო თვეებში ვხედავდით ბაქოს გააქტიურებას პაკისტანთან, აშშ-თან, ევროკავშირთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ისრაელთან და ა.შ.
ამას უნდა დაემატოს გაუმჯობესებული ურთიერთობები ირანთან, ტრადიციულად მჭიდრო კავშირები თურქეთთან. რასაკვირველია, რუსეთს, რომელიც მიისწრაფვის სამხრეთ კავკასიაში მთავარი როლისკენ, აზერბაიჯანის ასეთი პოლიტიკა არ აწყობს.
რუსეთს, რომელიც მიისწრაფვის სამხრეთ კავკასიაში მთავარი როლისკენ, აზერბაიჯანის გაძლიერება და საერთაშორისო ასპარეზზე მოსკოვისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ამასთან ერთად, რუსეთისთვის აზერბაიჯანი დღეს მნიშვნელოვან, როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე სატრანზიტო პარტნიორს წარმოადგენს. ზუსტად აზერბაიჯანზე გადის ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის დასავლეთის მონაკვეთი, რომლითაც რუსეთი ირანს, სპარსეთის ყურესა და ინდოეთს უკავშირდება.
ბაქოში კარგად ესმით ეს უპირატესობა, რაც ნაწილობრივ ხსნის კიდევაც აზერბაიჯანის ასეთ მოულოდნელად მკაცრ რეაგირებას ეკატერინგბურგში მომხდარ მოვლენებზე.
– ისრაელ-ირანის დაპირისპირების ფონზე პრემიერი ფაშინიანი ანაკარაში ვიზიტად იმყოფებოდა.
ახლა ვხედავთ, რომ პრემიერი ფაშინიანი ღიად დაუპირისპირდა სომხეთის სამოციქულო ეკლესია და კათალიკოს თავისი ნების გადადგომა შესთავაზე. მანამდე ხელისუფლების ინიციატივით სომხეთი ერთი ეპისკოპოსი და მისივე მოწვევით რუსეთიდან მოწვეული სომხური წარმოშობის მილიარდერი იქნა დაკავებული.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა სომხეთში საერო და საელკესიო პირებს შორის ხდება? თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა მიზანს ემსახურებოდა ფაშინიანის ვიზიტი თურქეთში?
– სომხეთის საგარეო პოლიტიკური ქმედებები რეგიონში მიმდინარე პროცესებს ირეკლავს. სამხრეთ კავკასიაში კი ავტორიტეტის მსხვრევის ხანგრძლივი და საკმაოდ მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს.
ანკარაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამ მიზანს ემსახურებოდა – თურქეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებით სომხეთს მსხვილი ეკონომიკური შესაძლებლობები მიეცემა. გაიხსნება საზღვარი, სომხური ნაწარმი მსხვილ თურქულ ბაზარზე შეაღწევს და თურქული პორტებით ევროკავშირის ბაზრებამდეც მივა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ხედვა სუფევს ერევანში
საქართველოსთვის დასავლეთი აღარაა წამყვანი პარტნიორი, სომხეთისთვის კი რუსეთი. იგივეს თქმა შეიძლება აზერბაიჯანზე, რომელსაც რუსეთთან საკმაოდ დალაგებული ურთიერთობები ჰქონდა. სომხეთი ცდილობს, გარდაქმნას თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი, ნაკლებად იყოს დამოკიდებული ერთ რომელიმე მოთამაშეზე და მეტად მოქნილი საგარეო პოლიტიკა ააგოს.
ანკარაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამ მიზანს ემსახურებოდა – თურქეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებით სომხეთს მსხვილი ეკონომიკური შესაძლებლობები მიეცემა. გაიხსნება საზღვარი, სომხური ნაწარმი მსხვილ თურქულ ბაზარზე შეაღწევს და თურქული პორტებით ევროკავშირის ბაზრებამდეც მივა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ხედვა სუფევს ერევანში.
თუმცა, ანკარა მიიჩნევს, პროგრესი აღნიშნულ საკითხზე დამოკიდებულია ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე. ორივე მხარემ დაადასტურა, რომ მუშაობა შეთანხმებაზე დასრულებულია.
მიუხედავად ამისა, ბაქო მიიჩნევს, რომ ხელმოწერამდე საქმე არ მივა, სანამ სომხეთის ხელისუფლება ქვეყნის კონსტიტუციაში არ შეიტანს ცვლილებებს და არ ამოიღებს იმ ჩანაწერს, სადაც სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის გაერთიანების საკითხია ნახსენები.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
