იტალიაში, ემიგრაციაში მყოფი ქალი, რომლის იდენტიფიცირებასაც მისივე თხოვნით არ ვახდენთ, გვიყვება, რომ ყოფილი პარტნიორი, 71 წლის ქართველი კაცი, ფულის გამოძალვის მოტივით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალით აშანტაჟებს. როგორც ემიგრანტი ქალი პირობითი სახელით “ეკა” ამბობს, მათ ერთმანეთთან 10 წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ.
ქალი გვიყვება, რომ მამაკაცმა რომელსაც პერიოდულად ხვდებოდა, ფულის მოთხოვნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ემიგრაციაში სამუშაოდ წავიდა. ქალის მონაყოლით, ყოფილი პარტნიორი მას შვილებითაც ემუქრება – თუ ფულს არ ჩაურიცხავს, სექსუალური შინაარსის ვიდეომასალას არასრულწლოვან ბავშვებს აჩვენებს.
ყოფილი პარტნიორისგან მუქარისშემცველ ხმოვან შეტყობინებებს “ეკა” ბოლო პერიოდში ხშირად იღებს.
ემიგრაციაში მყოფი ქალი გვიყვება , რომ აქამდე ამ ამბის გასაჯაროებისგან თავს იკავებდა, თუმცა ახლა აპირებს ყოფილი პარტნიორის წინააღმდეგ მუქარისა და შანტაჟისთვის სარჩელი პოლიციაში შეიტანოს. მის ინტერესებს ქუთაისში ადვოკატი ალექსანდრე სარაჯიშვილი დაიცავს.
საპირისპიროს ამტკიცებს 71 წლის კაცი. ის სატელეფონო საუბარში გვიყვება, რომ ყოფილ პარტნიორს ემიგრაციაში წასასვლელად ფინანსურად თავად დაეხმარა, მის შვილებზეც დღემდე ზრუნავს, ქალი კი მას ცილს წამებს. 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას არც თავად გამორიცხავს.
“მთავარი არხის” ეთერში ანონსის გასვლის შემდეგ, მამაკაცი ისევ დაუკავშირდა ქალს და უთხრა, რომ აღარ დააშანტაჟებს და სთხოვა სამართალდამცველების გარეშე მოგვარდნენ.
ავტორი: დავით კობიძე
ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე. ასევე ნებისმიერს შეუძლია ჩამოტვირთოს 112-ის მობილური აპლიკაცია და ჩატით, ზარით ან SOS ღილაკით დაუკავშირდეთ ოპერატორს. ასევე შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე – 116 006 – კონსულტაცია იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და სამედიცინო საკითხებზე უფასოა და დაცულია ანონიმურობა.
