საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ციკლონით დაზარალებულ მაიოტის მცხოვრებლებთან კამათისას უცენზურო ლექსიკა გამოიყენა. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.
როგორც ბრიტანული მედიასაშუალება წერს, მაკრონი სიტყვიერად დაუპირისპირდა მაიოტის მცხოვრებლებს, რომლებიც გასულ კვირას ციკლონ „ჩიდოს“ შემდეგ კვლავ წყლის გარეშე რჩებიან.
მან გაბრაზებულ ხალხს უთხრა: „საფრანგეთი რომ არა, 10 000-ჯერ უფრო დიდ ქაქში იქნებოდით“.
მაკრონის გამონათქვამებმა საფრანგეთში მწვავე კრიტიკა გამოიწვია ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომლებმაც მის სიტყვებს „სრულიად უღირსი“ და „არასათანადო“ უწოდეს.
მაიოტს, რომელიც მადაგასკარსა და მოზამბიკს შორის მდებარეობს, 14 დეკემბერს ციკლონმა გადაუარა. ეს საფრანგეთის ყველაზე ღარიბი ტერიტორიაა, სადაც 90 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი შტორმის შემდეგ კვლავ წყლის დეფიციტია. ციკლონს 31 ადამიანი ემსხვერპლა მაიოტში, 73 – მოზამბიკში და 13 – მალავიში. თუმცა რეალური მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა, მეტი იყოს.