ემანუელ მაკრონი პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალის გადადგომის თხოვნას დაეთანხმა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალისა და მისი მინისტრთა კაბინეტის გადადგომაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა, მთავრობა ამჟამინდელი შემადგენლობით მუშაობას მინისტრთა ახალი კაბინეტის დანიშვნამდე გააგრძელებს.
„იმისათვის, რომ ეს პერიოდი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, რესპუბლიკის პოლიტიკურმა ძალებმა ერთად უნდა იმუშაონ და შექმნან ერთიანი ფრონტი იმ პროექტებისა და გადაწყვეტილებების ირგვლივ, რომლებიც ფრანგი ხალხის ინტერესებში იქნება“, – ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში. .
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს თანამდებობის დატოვების თხოვნით 8 ივლისს მიმართა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტულმა ბლოკმა მეორე ადგილი დაიკავა და ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობა დაკარგა. თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაშინ ატალის ეს თხოვნა არ მიიღო.