ჩვენი მოწოდება ყველა საჩივრისა და არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობების სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიებაა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სოციალურ ქსელში საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ავრცელებს.
„ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს შეშფოთებას საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, როგორც ეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებშია მითითებული. კერძოდ, შეშფოთებას იწვევს ცნობები მრავალი დარღვევისა და ამომრჩევლების დაშინების შესახებ, რამაც პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე უარყოფითად იმოქმედა. ჩვენი მოწოდება ყველა საჩივრის და არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობების სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიებაა და ყურადღებით განვიხილავთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშს, რომელსაც თავის დროზე ველით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ლიდერები აღნიშნავენ, რომ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერენ.
„მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური უფლებებია და ისინი დაცული უნდა იყოს. ამ ამოცანის შესასრულებლად ჩვენი მოწოდება ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან ყოვლისმომცველი დიალოგია. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ევროპულმა საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული გზიდან უხვევდა და დაჟინებით მოითხოვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოწყობა. თუ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს და არ გამოავლენს ხელშესახებ მცდელობებს რეფორმებთან დაკავშირებით, კერძოდ, ბოლოდროინდელი კანონმდებლობის გაუქმებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ ვერ ვიქნებით საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მხარდამჭერები“, – აღნიშნულია განცხადებაში.