მზად ვართ, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემთხვევაში უკრაინასა და რუსეთს პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებაში დავეხმაროთ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევისკენ გზაზე ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემთხვევაში, თუ რუსეთი შეთანხმების პირობებს არ დაიცავს, მაშინ მოსკოვის წინააღმდეგ „გაცილებით მკაცრი“ სანქციები დაწესდება.
„თუ ჩვენ ყველანი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის ვალდებულებას ავიღებთ, მაშინ მზად ვართ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებში ჩავერთოთ, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ. თუ თქვენ [რუსეთი] ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ დაიცავთ, მაშინ დამატებითი სანქციები დაწესდება. ვფიქრობ, რომ შეგვიძლია შედეგებს მივაღწიოთ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდნენ, სადაც „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ.
