ელ სალვადორის პრეზიდენტმა, ნაიიბ ბუკელემ, არჩევნებში ხელახლა გაიმარჯვა

ელ სალვადორის პრეზიდენტმა, ნაიიბ ბუკელემ, არჩევნებში ხელახლა გაიმარჯვა. ბუკელემ საკუთარი გამარჯვება ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე დაანონსა და ამის შესახებ X-ზე დაწერა.
“ჩვენი რიცხვების მიხედვით, საპრეზიდენტო ხმების 85%-ზე მეტით მოვიგეთ და ასამბლეაში 60-იდან, სულ მცირე, 58 დეპუტატი გვეყოლება. ეს დემოკრატიული მსოფლიოს ისტორიაში რეკორდია”. – დაწერა ბუკელემ.
წინასწარი შედეგებით, ბუკელემ დათვლილი ხმების 83% მიიღო, ხოლო ხმების სულ 31% არის დათვლილი.
ელ სალვადორის კონსტიტუტია ერთი და იგივე პიროვნების საპრეზიდენტო ვადით ორჯერ არჩევას კრძალავს, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ ბუკელეს ხელახლა კენჭის ყრის ნება დართო.
ბუკელეს ოპონენტები შიშობენ, რომ ვადებზე შეზღუდვებს გააუქმებს, რადგან გამარჯვების ამ მასშტაბით, მისი პარტია შეძლებს, ქვეყნის კონსტიტუცია შეცვალოს. თუმცა, ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა კონსტიტუციის ამ მხრივ ცვლილებას, ბუკელეს უპასუხა, რომ “კონსტიტუციურ რეფორმას საჭიროდ არ მიიჩნევს”.
პრეზიდენტმა თავისი კამპანია ბანდიტების წინააღმდეგ ბრძოლასა და ქვეყანაში კრიმინალის აღმოფხვრაზე დააფუძნა და მოსახლეობას მოუწოდებდა, მხარი დაეჭირათ მისთვის, რათა განგსტერებთან ბრძოლა გაგრძელებულიყო.
“ელ სალვადორი ყველაზე სახიფათო (რედ. – ქვეყნიდან) ყველაზე უსაფრთხოდ გადაიქცა. ახლა, ამ შემდეგ ხუთ წელში, დაიცადეთ და ნახეთ, რასაც გავაკეთებთ”. – თქვა ბუკელემ გამარჯვების შემდეგ თავის მხარდაჭერებთან მიმართვისას.
ელ სალვადორი უკონტროლო კრიმინალური გარემოსა და განგსტერული ბანდების მზარდი ძალაუფლების გამო, ოდესღაც ცნობილი იყო როგორც დასავლეთ ნახევარსფეროს მკვლელობის დედაქალაქი. მსოფლიოში ომის ზონის მიღმა მყოფ სახელმწიფოთა შორის მკვლელობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ცენტრალური ამერიკის ამ ქვეყანაში ფიქსირდებოდა.
2022 წლის მარტში, ელ სალვადორის პრეზიდენტის, ნაიიბ ბუკელეს მიერ ბანდების წინააღმდეგ გამოცხადებული ომისა და უმკაცრესი პოლიტიკის საშუალებით ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციები შიშობენ, რომ ბუკელეს ულმობელ პოლიტიკას ბევრი უდანაშაულო მსხვერპლიც ჰყავს.
ელ სალვადორის პრეზიდენტის მიერ გატარებული მკაცრი პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში მკვლელობათა რიცხვმა საგრძნობლად იკლო და 2022 წლის ბოლოსთვის ყოველ 100 000 კაცზე ჰომიციდის რიცხვმა 7.8-მდე დაიწია. თუმცა, მკაცრ ზომებს ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობის მძიმედ გაუარესება და უდანაშაულო მსხვერპლიც მოჰყვა.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მკვლელობების რიცხვის მკვეთრმა ვარდნამ, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი იმ უბნებშია, რომლებსაც ადრე ბანდები აკონტროლებდნენ, მოსახლეობას უსაფრთხოების განცდა შეუქმნა. წარსულში განგსტერების მიერ კონტროლირებული ტერიტორიების საზღვრების კვეთა ახლა ადგილობრივებს სიცოცხლის მოსპობის შიშის გარეშე შეუძლიათ.