საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი შეხვდა რესპუბლიკელ სენატორ მარკვეინ მალინს, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა აშშ-ში საქართველოს საელჩოს ფეისბუკის გვერდზე.
საელჩოს მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, შეხვედრაზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივები განიხილეს.
“ელჩმა, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მხარდაჭერის კუთხით, სენატორი მალინის პირად წვლილს გაუსვა ხაზი და მის, როგორც საქართველოს ნამდვილი მეგობრის, მიმართ მადლიერება გამოხატა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, აქტუალურ მოვლენებსა და პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას. ასევე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით”, – წერია აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოკლაჰომელი რესპუბლიკელი სენატორის, მარკვეინ მალინის აქტიური წინააღმდეგობის შედეგად, კონგრესმენ ჯო უილსონის ინიციატივის – „მეგობარი აქტის“ – „ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“ (NDAA) ჩართვა ვერ მოხერხდა.
ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტო „როიტერსი“ იუწყებოდა, რომ ტეხასური ნავთობკომპანია „ფრონტერას“ თანადამფუძნებელი სტივ ნიკანდროსი აშშ-ის კონგრესმენებთან კერძო კომუნიკაციისას „ქართული ოცნების“ სასარგებლო ლობირებას ეწევა. მალინი და “ფრონტერა” წარსულში არაერთხელ გადაკვეთილან.
მალინი, – რომელიც წარსულში თბილისს აკრიტიკებდა ტეხასურ ნავთობკომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებით, – ამბობს, რომ მისი ახლანდელი პოზიცია არ უკავშირდება „ფრონტერას“ გაუმჯობესებულ ურთიერთობებს მთავრობასთან.
„ფრონტერასთან“ საარბიტრაჟო დავის დასრულებისა და მილიონობით აშშ დოლარის დახარჯვის შემდეგ, 2020 წელს, ხელისუფლებამ ჯერ კონტრაქტის შეწყვეტა დააპირა, თუმცა ეს გადაწყვეტილება აღარ მიიღო და მოლაპარაკებები გააგრძელა.
რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ამერიკულ კომპანიას საქართველოს მთავრობისათვის გადასახდელი აქვს 15,4 მილიონი ლარი, – ამ თანხას სახელმწიფო კორპორაცია „ამოუღებლად“ მიიჩნევს.
2025 წლის 6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act). („საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“).
კანონპროექტი ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას. ამავდროულად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში, დებს საქართველოსთან აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას.
აქტთან დაკავშირებით დარჩენილია კენჭისყრა სენატში.




