ელჩი: როცა მეგობარი შეშფოთებულია და ოკუპანტი გიწონებს, უნდა დაისვას კითხვა – კარგია თუ არა

“როცა ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომელზეც შეშფოთება გამოხატა შენმა პარტნიორმა, მეგობარმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა მოიწონა, ალბათ, უნდა დაისვას კითხვა – არის თუ არა ეს კარგი რამ და კარგი ნიშანი” – ასე ეხმაურება საქართველოში -ის ელჩი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას.
დანიგანმა კვლავ გაიმეორა აშშ-ის პოზიცია, რომ რუსული კანონის მიღება საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს და ნეგატიურად აისახება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ ოცნების მიერ ინიცირებულ კანონპროექტსა და აშშ-ში მოქმედ FARA-ს შორის მსგავსება საერთოდ არ არის.
“აშშ-მ ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი შეშფოთება და პოზიცია, როგორც საჯაროდ ისე პირად საუბრებში ამ კანონპროექტის შესახებ, რომ თუ იგი იქნება მიღებული ეს საქართველოს დააშორებს თავის ევროპულ გზას და ამავდროულად, ამ კანონის მიღება ნეგატიურად აისახება არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ იმისთვის, რომ სიკეთე მოუტანონ საზოგადოებას და მოსახლეობას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ არ არის მარტო ამ პოზიციაში და ამ შეშფოთებას იზიარებს ევროკავშირი, ევროსაბჭო, ნატო, ევროპარლამენტი, ცალკეული ევროპული ქვეყნები – მათაც მიაჩნიათ რომ კანონის მიღებას ექნება ნეგატიური გავლენა საქართველოს ევროპულ გზაზე.
როდესაც ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომლის შესახებ შეშფოთება გამოხატა შენმა პარტნიორმა, მეგობარმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა ის მოიწონა, ალბათ უნდა დაისვას კითხვა – არის თუ არა ეს კარგი რამ და კარგი ნიშანი.
რაც შეეხება კანონმდებლობის მსგავსებას ამერიკულთან, მინდა გითხრათ,რომ ეს საერთოდ არ არის მსგავსი კანონი. აშშ მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. ის რასაც თქვენ ახსენებთ, მიემართება ლობისტ ორგანიზაციებს, კომპანიებს თუ პირებს, რომელიც მიემართება სხვა ქვეყნების სასარგებლოდ და მათ აქვთ მოვალეობა რომ დარეგისტრირდნენ კონკრეტულ რეესტრში. ასე რომ ამ კანონის ამერიკულთან მსგავსებაზე საუბარი არ არის, მე იმედი მაქვს რომ ჩვენ ქართველ ხალხთან, მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მუშაობით გავაგრძელებთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერას”, – აღნიშნა ელჩმა.
დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში – ახალ ვერსიაში “უცხოური გავლენის აგენტი” შეცვლილია “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით”.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.