ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ისაუბრა და საქართველოს მოქალაქეებს ევროპულ გზაზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. მან აღნიშნა, რომ ქართველების ხმა ბრიუსელში ნათლად ისმის და იმედი გამოთქვა, რომ ამას 27-ვე წევრი ქვეყანაც ერთხმად გაიგებს.
“რამდენიმე დღეში, უფრო სწორად რამდენიმე საათში ჩვენ გვექნება ისტორიული შეხვედრა ბრიუსელში – ევროკავშირის 27 ლიდერი, პრემიერი, პრეზიდენტი მიიღეს გადაწყვეტილებას გაფართოებაზე, მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ევროპულმა კომისიამ ძალიან ცალსახად გაუწია რეკომენდაცია პოტენციურ წევრ სახელმწიფოებს, რომ წაიწიონ წინ და მოახდინონ პაკეტების ადაპტირება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით უკრაინა-მოლდოვასთან და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით.
მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი წევრი სახელმწიფოები მიჰყვებიან ძალიან მჭიდროდ ევროპული კომისიის რეკომენდაციას. როგორც ყველამ ვიცით, ევროკავშირში ამგვარი ისტორიული გადაწყვეტილებები მოითხოვს ერთიანობას, კონსენსუსს, ერთიანობა, ამ შემთხვევაში, გულისხმობს იმას, რომ ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა განაცხადოს თანხმობა. ერთიანობა არც ისე მარტივია, ეს არის ძალიან მაღალი თამასა. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, ეს ყველაფერი მოგვიტანს სასარგებლო შედეგებს და შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში 27 წევრი სახელმწიფო დაამტკიცებს ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას.
ქალბატონო პრეზიდენტი, 8 ნოემბერს თქვენ დაიწყეთ ხელმოწერების შეგროვების ინიციატივა – ეს არის ერთ-ერთი იმ ინიციატივთაგანი, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს მომავალს და მე ძალიან მიხარია, რომ თქვენ ყველანი იღებთ სხვადასხვა ფორმით ამაში მონაწილეობას და მხარს უჭერთ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას. თქვენი ხმა ისმის საკმაოდ ნათლად და ხმამაღლა ბრიუსელში და იმედი მაქვს, რომ ეს, ასევე, გასაგები იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს 27-ვე დედაქალაქში.
ჩემთვის დიდი პრივილეგია იქნება, მივიღო ეს ხელმოწერები და გადავუგზავნო ელექტრონულ ფორმატში შარლ მიშელს, რომელიც ჩაატარებს ისტორიულ შეხვედრას. დაიწყება ხვალ, დილის 10 საათზე. მეც ვუერთდები პრეზიდენტის განცხადებას, მოდი, იმედი ვიქონიოთ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცემა აღნიშვნის შესაძლებლობა”, – თქვა მან [სინქრონული თარგმანი].
ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებული ღონისძიება იმართება. შენი ხმა ევროპას კამპანიის დასკვნით ღონისძიებას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის ელჩები. პრეზიდენტის მიწვევა მიიღეს ოპოზიციის წევრებმაც – ნაწილი ადგილზე უკვე მივიდა.
რაც შეეხება ქართულ ოცნებას, გასულ დღეებში მმართველი პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მოწვევას არ იღებდნენ და ღონისძიებას არ დაესწრებოდნენ. უცნობია, მივა თუ არა ორბელიანების სასახლეში ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. მან თქვა, რომ პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პეტიციას ხელს არ მოაწერდა მანამ, სანამ იქ მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა არ იქნებოდა.
პარალელურად, სასახლესთან შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები – ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, “საქართველოს არ ჰყავდეს პუტინის პირადი ტყვე”.