როგორც უკვე ვთქვი, საქართველოში ბოლო 12 დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, ეს ასევე მოიცავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირს საქართველოს მოსახლეობის დაზარალება და დასჯა არ სურს.
„ვნახავთ, რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები. არსებობს გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების ვარიანტი. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ არ გვინდა მოსახლეობის დაზარალება. არ გვსურს ხალხის დასჯა, რომელიც გამოხატავს ევროკავშირის ღირებულებების მიმართ ერთგულებას, რომელიც თბილისსა და ბევრ სხვა ქალაქში ქართულ დროშებსა და ევროპულ დროშებს აფრიალებს, მაგრამ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც პასუხისმგებელია ძალადობაზე, სისასტიკაზე, არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ. წევრი სახელმწიფოები ამას განიხილავენ ორშაბათს და იმედია, რომ ორშაბათს მოხდება გადაწყვეტილებების მიღება“, – აღნიშნა ელჩმა.