ელჩის სტატიიდან ამოღებული ამონარიდი კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში – დანიის საელჩო

დანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს დანიურ გაზეთში ელჩი სორენსენის სტატიაზე გამოხმაურებასთან დაკავშირებით.
საელჩოს განცხადებით, დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდი ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება. მათივე განცხადებით, საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან“.
„სტატია დანიური გაზეთისთვის დაიწერა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ. სტატია ხაზს უსვამს საქართველოს მკაფიო სურვილს, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ყურადღებას ამახვილებს იმ წვლილზე, რომლის შეტანაც შეუძლია ს საქართველოს მხარდასაჭერად, მათ შორის ახლად გახსნილი საელჩოს მეშვეობით მწვანე გადასვლის, მშვიდობის, სტაბილურობისა და ასევე, სხვა სფეროებში თანამშრომლობის გზით. დანია განუწყვეტლივ უჭერდა მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების განხორციელების კუთხით და დარჩება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თანამშრომლობის მხარდამჭერი.
ჩვენ ვხედავთ დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში. საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში, რომელიც მათ ნეტგაზეთს გამოუგზავნეს.
საქართველოში დანიის ელჩმა ანე ტოფტ სორენსენმა დანიურ გამოცემა Jyllands-Posten-ში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ოლიგარქად მოიხსენია. დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში საქართველოს და ქართველი ხალხის სწრაფვაზე ევროკავშირისკენ მიმავალი გზის შესახებ წერს.
„პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც ქვეყანას 2012 წლიდან მართავს, დააარსა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ქონება რუსეთში 90-იან წლებში დააგროვა. ოპოზიცია, რომელსაც სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს, განუწყვეტლივ ბოიკოტის რეჟიმშია პარლამენტში და მთავრობას ადანაშაულებს სასამართლოს პოლიტიზებაში, თავისუფალ მედიაზე ზეწოლაში და ოპოზიციის წევრების შევიწროებაში“, – წერს ელჩი თავის მოსაზრებაში.
ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების შემდეგ კი დანიის ელჩი საქართველოს საგარეო სამინისტროში დაიბარეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს