საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, მიხაილო ხარიშინი IPN-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ იმ დროს, როცა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება მზადდებოდა საქართველოში ელჩის დანიშვნის შესახებ, მოულოდნელად, საქართველოს მთავრობის მაშინდელი მეთაურის მხრიდან „გაუგებარი რიტორიკა“ წამოვიდა.
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის თქმით, აღნიშნულს მალევე შეუერთდნენ სხვა ქართველი პოლიტიკოსები, მათ შორის საპარლამენტო კორპუსის წევრებიც, და ასეთ ფონზე უკრაინა ამ ფაქტებს ყურადღების მიღმა ვერ დატოვებდა:
„როცა უკვე მზადდებოდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება ელჩის დანიშვნის შესახებ, მოულოდნელად, საქართველოს მთავრობის მაშინდელი მეთაურის მხრიდან გაუგებარი რიტორიკა წამოვიდა. მე მხოლოდ ფაქტებს ვამბობ. უცნაურია და ასეთი რიტორიკა დაემთხვა “პერფორმანსს”, რომელიც ანტიუკრაინულმა, პრორუსულმა, და იმედი მაქვს, რომ ისინი ანტიქართულიცაა, ძალებმა გამართეს აქცია აქ, საელჩოს შენობასთან შეურაცხმყოფელი პლაკატებითა და ლოზუნგებით უკრაინასთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, მალე ასეთ რიტორიკას მიმართეს ზოგმა სხვა ქართველმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის, სამთავრობო სტრუქტურებისა და საპარლამენტო კორპუსის წარმომადგენლებმა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს საქართველოსა და უკრაინას შორის ოდესღაც, გადაჭარბების გარეშე, სამაგალითო ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ასეთ ფონზე, როგორც სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს და პატივს სცემს სხვა სახელმწიფოებს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ნორმალური სახელმწიფო, უკრაინა ვერ დატოვებდა ამ ფაქტებს ყურადღების მიღმა“ ,— აცხადებს ხარიშინი.
მისი თქმით, უკრაინისთვის საქართველო, ქართველი ხალხი ყოველთვის იყო, არის და დარჩება ძმურ ხალხად და ქვეყნად, რომელთანაც უკრაინა ავითარებდა და განავითარებს მჭიდრო ურთიერთობებს თანაბარუფლებიანობის, პარტნიორობის საფუძველზე.
„ამიტომაც ჩვენ, როგორც დიპლომატებს, გვაქვს მოწოდება, ამ სიტუაციაში როგორმე დავეხმაროთ ჩვენს უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ვაწარმოოთ ნორმალური დიალოგი. ჩვენს დონეზე, დიპლომატიის დონეზე, ბოლო დროის განმავლობაში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ჩვენს კოლეგებთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მე მქონდა ორი შეხვედრა. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა სხვა ევროპული ქვეყნების დიპლომატებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც ორგანიზებული იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
ის ეძღვნებოდა მთავრობის მოხსენებას მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ევროკავშირში მიმავალ გზაზე ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ჩემს კოლეგას საქართველოს საელჩოდან უკრაინაში, საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს ასევე ცოტა ხნის წინ მიეცა საშუალება, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში კოლეგებთან ჰქონოდა შეხვედრა, სადაც საქართველოსთვის აქტუალური საკითხების წამოჭრისა და მათზე პასუხების მიღების შესაძლებლობა ჰქონდა“ ,— ამბობს უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული.
ხარიშინი IPN-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ყველა აღნიშნული შეხვედრა განხორციელდა ორი სამინისტროს ტერიტორიული, პროფილური და ფუნქციონალური დეპარტამენტების ხელმძღვანელების, მნიშვნელოვანი საკვანძო დეპარტამენტების დონეზე და კიევს აქვს მოლოდინი, რომ მალე აღდგება ნორმალური, სრულფასოვანი დიალოგი მინისტრების მოადგილეების დონეზე და ეს ყველაფერი გახდება ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების შემდგომი გაუმჯობესებისა და აღდგენის საწინდარი იმ დონეზე, როგორზეც არცთუ ისე დიდი ხნის წინ იყო:
„მინდა იცოდეთ, რომ უკრაინა არ არის იმის წინააღმდეგი, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები ხორციელდებოდეს ელჩების დონეზე. ამისთვის საჭიროა გარკვეული უარყოფითი ფაქტორებისა და ტენდენციების თავიდან აცილება, რომლებზეც უკვე ვისაუბრე. ბურთი, როგორც ამბობენ, ამჟამად მოედნის ქართულ ნახევარშია“ ,— ამბობს უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში.
ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების თაობაზე მოგვიანებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. კობახიძის თქმით, საკუთარ გადაწყვეტილებას კიევმა უნდა გადახედოს და არა თბილისმა:
„თუ ვინმეს რამე აქვს გადასახედი, ეს უნდა გადახედოს უკრაინის ხელისუფლებამ საკუთარ გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევის თაობაზე, რაც იყო უკიდურესად არამეგობრული გადაწყვეტილება,“ — ამბობს ირაკლი კობახიძე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი – იგორ დოლგოვი 2022 წლის მარტში გაიწვია.
„მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“, – ამბობდა ვოლოდიმირ ზელენსკი ელჩის გაწვევის თაობაზე გაკეთებულ განცხადებაში.
2023 წლის ივლისში კი უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის პრეზიდენტის სახელით დაიბარეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც პროტესტი გამოუცხადეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო.
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის აბუჩად აგდება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ელჩისადმი შეთავაზებულ იქნა, დაბრუნდეს თბილისში კონსულტაციებისთვის არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად“, — აცხადებდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
კიევი ზაქარაშვილმა აღნიშნულიდან ორი დღის შემდეგ დატოვა.