დღეს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა – „ელჩების კონფერენცია 2024: საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში“ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
შეკრებილ დიპლომატებს მისასალმებელი სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიმართა და განაცხადა, რომ მთავრობის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ორიენტირებულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენაზე, სუვერენიტეტის განმტკიცებაზე, სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე.
„ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესები, რაც გლობალური პოლიტიკის ეპიცენტრშია, ყველაზე მტკივნეულად საქართველოზე აისახება და განსაკუთრებული სიფრთხილე და იმავდროულად გამბედაობა გვჭირდება იმისთვის, რომ მოცემულ ვითარებაში დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები.
დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით, მხოლოდ მტკიცე, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებით შევძლებთ ჩვენი კონსტიტუციური მიზნების შესრულებას და განხორციელებას,“ – აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საგარეო პოლიტიკის გავლენაზე ქვეყნის საშინაო პოლიტიკის განვითარების კუთხით და განმარტა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საშინაო პოლიტიკის სწორი აღქმა და საერთაშორისო პოლიტიკის ზედმიწევნით სწორი ანალიზი, იმისთვის, რომ შევძლოთ საქართველოს ინტერესების დაცვა ამ საკმაოდ რთულ მოცემულობაში.
ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს საქართველოს სჭირდება სახელმწიფო ინსტიტუტების სიმტკიცე, იმისთვის, რომ სახელმწიფოს ფუნქციონირების ღერძი იყოს ძლიერი.
„სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა არის სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ინტერესების დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტი. საგარეო საქმეთა სამინისტრო, დღეს ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტია, რომელიც ერთგვარად ფრონტის წინა ხაზზეა წარმოდგენილი ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების და ჩვენი მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად,“ – განაცხადა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ქართველ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის და საქართველოს ერთგულებისთვის.
სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ იმსჯელოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ძირითად ასპექტებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.