ელჩების კონფერენციაზე პრეზიდენტს მიწვევა არ მიუღია – ადმინისტრაცია

ელჩების კონფერენციაზე პრეზიდენტს მიწვევა არ მიუღია – ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის სახელმწიფო მეთაურს ელჩების კონფერენციაზე მიწვევა არ მიუღია. ღონისძიება 26-28 დეკემბერს იმართება თბილისში, სასტუმრო “პარაგრაფში”.
“26-28 დეკემბერს დაგეგმილ ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია”, – აღნიშნავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტი კონფერენციაზე არ მიუწვევიათ და მიზეზი ასე ახსნა:
“ელჩების კონფერენციას აქვს სხვადასხვა ფორმატები. წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილია იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც განვახორციელეთ საქართველოს მთავრობამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და საქართველოს პარლამენტმა, რადგან ხელისუფლების ეს ორი შტო იყო პასუხისმგებელი ამ მნიშვნელოვან მიმართულებებზე… წლევანდელი ელჩების კონფერენცია ამ მოტივით და ლოგიკით იყო აწყობილი”.
ელჩების კონფერენციაზე უხერხულობა შეიქმნა გასულ, 2022 წელსაც. კონფერენციას არ დასწრებია ქვეყნის პრეზიდენტი . პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა განმარტა, რომ ამის მიზეზი პროტოკოლის წესების დარღვევა იყო. სალომე ზურაბიშვილის ადგილი გათვალისწინებული იყო პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს შორის.

radiotavisupleba.ge