„ელიტურმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია“ – პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში, საგაზაფხულო სესიაზე, წლიურ ანგარიშს წარადგენს, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და სასამართლო კლანის კორუფციულ სქემაში ჩართულობაზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში დღემდეა შემორჩენილი საბჭოთა მემკვიდრეობა ძალაუფლების გაღმერთებისა და ვერც ერთმა ხელისუფლებამ დემოკრატიული ბალანსის აღდგენა ვერ შეძლო.
„ელიტურმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია და რეალურად, არაფერი კონტროლდება და არც ვინმეს პასუხისმგებლობა ვლინდება; ეს იმიტომ, რომ ელიტარული კორუფცია აუცილებელი ცემენტია, რომელიც მონოლითური ძალაუფლების ირგვლივ ჰკრავს სანდო კასტას. ისინი არ ეცილებიან ძალაუფლებაში, სანაცვლოდ კი, დოვლათს ინაწილებენ.
ძალაუფლების გაღმერთება და კერპად ქცევა პირდაპირ საბჭოთა მემკვიდრეობაა, თავისი ვერტიკალით, ერთპარტიულობით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით, მადლობებით, გადარჩენისთვის საკუთარი თავის დამცირებით და დამნაშავედ ცნობით, კომპრომატებით, მოსმენებით და დასმენებით, კლანებითა და მონებით… აქ საბჭოთა სისტემაზე ვსაუბრობ.
დამოუკიდებლობის შემდეგ, ვერცერთმა მთავრობამ ვერ იპოვა თავის თავში ძალა და ნება, რომ ძალაუფლების მონოლითი ბოლომდე ჩამოეშალა და ძალაუფლების დემოკრატიული ბალანსი აღედგინა. ძალაუფლება კი, ხელიდან ხელში გადავიდა, სხვა მეპატრონე გაუჩნდა, მაგრამ სისტემა ძირეულად არ და ვერ გარდაიქმნა”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი პარლამენტში სასამართლო სისტემაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სასამართლოს და ყველა სხვა ძალოვან უწყებას, დამხმარე ინსტრუმენტად იყენებს.
bm.ge