ელისაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა პატიმრობა შეუფარდა. ამას პროკურატურა ითხოვდა და მოსამართლეც დაეთანხმა.
პოლიტიკოსი ბრალდებულია ტერორიზმში. პროკურატურის განცხადებით, ის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში შეიჭრა და ცდილობდა ცეცხლის წაკიდებას.
სასამართლოზე სიტყვის უფლებით ისარგებლა ალეკო ელისაშვილმა:
„მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, ძალადობისთვის, რომლის ერთ-ერთი განმახორციელებელი სტრუქტურა ხართ თქვენ. ტყუილუბრალოდ ციხეში ყრით ადამიანებს. ვინმეს მოკვლის სურვილი რომ მქონოდა, არცერთი მანდატური ცოცხალი არ იქნებოდა.
უსამართლობისთვის მინდოდა ცეცხლის წაკიდება, მე იქ არავის ვერჩოდი. ჩემს ცოლს და ოჯახს ვუთხარი სათევზაოდ მივდიოდი. ყველაფერი წინასწარ მოვამზადე. გეგმა მქონდა, რომ ჩემი პროტესტი გამომეხატა. იმიტომ, რომ ვეღარ ვიტევ… ვეღარ ვიტევ, როგორ დაათრევენ კატებივით პატარა ბავშვებს, ქალს, კაცს. ამის წინააღმდეგ მქონდა პროტესტი. ვადასტურებ ფაქტს, მაგრამ არანაირი დანაშაული მე არ ჩამიდენია.
ერთი მომენტი იყო, გადავიდე, არ გადავიდე. მერე ჩემს თავზე გავბრაზდი, როგორ უნდა შემეშინდეს-მეთქი.
შემოლაწუნება მინდოდა, რომ მეთქვა — ამ ქვეყანაში დავრჩით კაცები, ვისაც გვაწუხებს, რაც ხდება.
ჩემებს მინდა ბოდიში ვუთხრა. ეგეთი ვარ. ეგ იყო, რაც იყო. ეს ცრემლი არ არის, მოსამართლევ, ბრაზია და ბოღმა. არ გეგონოთ, რომ სუსტი ვარ.
ირაკლი ბოდიში. თუ თვლით, რომ საერთო ბრძოლა დავაზიანე, ბოდიში. ვინც გარეთ რჩებით, მიაწექით ბოლომდე. ცეცხლი ძალადობას”, – განაცხადა ელისაშვილმა.