ელისაშვილი წულუკიანს: კინაღამ დავაქციეთ გელათი, როგორ რჩებით მინისტრად ამ ყველაფრის მერე?

ოპოზიცია პარლამენტში პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ს და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ და კითხვებს უსვამენ. სხვა საკითხებთან ერთად ოპოზიციის კითხვები გელათს, კონკრეტულად კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ს გუშინდელ განცხადებას შეეხებოდა.
მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა წულუკიანს ჰკითხა, მას შემდეგ რაც კულტურის სამინისტრომ გელათთან მიმართებაში “დააშავა”, კვლავ მინისტრობის პოსტს როგორ იკავებს.
“გელათთან მიმართებაში, ყველაფერში იყო ზუსტი და მართალი საპატრიარქო პირადად თქვენთან, იმიტომ, რომ პირადად თქვენთან ჰქონდა ძალიან ისეთი განცხადება. დააშავა თქვენმა უწყებამ, დავაქციეთ კინაღამ ეს უნიკალური ძეგლი და თქვენ ხელები დაიბანეთ და საპატრიარქოს გადააბრალეთ? და როგორ რჩებით მინისტრად ამ ყველაფრის მერე?
თუ საპატრიარქომ უნდა გამოასწოროს თქვენი დაშავებული და ძეგლთა დაცვაზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე საპატრიარქომ თუ უნდა იზრუნოს, აბა თქვენ რისი მინისტრი ხართ, მარტო ხალხს რომ არბევთ კულტურის სხვადასხვა სფეროში?”, – თქვა ელისაშვილმა.
წულუკიანმა გუშინ განაცხადა, რომ ამ 2022 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ, სამინისტრო აღარ არის პასუხისმგებელი გელათის მონასტრის მდგომარეობაზე, შესაბამისად, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ვითარება არის მონასტერში. მისივე თქმით, რასაც თავად არ აკეთებს, იმაზე პასუხს ვერ აგებს.
გარდა ამისა, წულუკიანი დაიმუქრა, რომ სასამართლოში უჩივლებს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც სამინისტროს გელათში “რაღაცის გაფუჭებაში” დასწამებს ცილს.
***
2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ გელათის მონასტერი დროებით თუნუქით გადახურა. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ეს პროექტი ზამთარში გელათის ფრესკებს ვერ დაიცავდა. ამასთან, იტალიელმა რესტავრატორმა შეიმუშავა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გელათის სარესტავრაციო სამუშაოებში “დაშვებულია მძიმე მეთოდური შეცდომები, რაც ძეგლზე უმძიმესად იმოქმედებს”.
იუნესკოს შეფასებით, ღვთისმშობლის ტაძარზე ცოტა ხნის წინ დამონტაჟებული კრამიტის სახურავი და წმინდა გიორგის ტაძარში ტენიანობის მუდმივმა პრობლემებმა დააზიანა კედლების მხატვრობა და მოზაიკა ორივე ეკლესიის შიგნით, რაც მის უნივერსალურ ღირებულებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
გადახურვის შემსრულებელმა კომპანიამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაშვებული შეცდომები ნაწილობრივ მას შემდეგ აღიარა, რაც შაბათის ფორმულაში ამ თემაზე სიუჟეტი გავიდა. გელათის რესტავრაცია რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, სახურავის ნაწილი დაზიანებულია და ფრესკებს წვიმის წყალი აფუჭებს.
გელათის შესახებ 30 იანვარს ანგარიში ჩუბინიშვილის ცენტრმაც გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ გელათის მოხატულ ტაძრებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც არაერთი წელია გრძელდება, მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების მცდელობისა, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ძეგლის მართვასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები მრავალმხრივია, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი კი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში დაქირავებული იტალიური ასოციაციის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია და წარმოებული სამუშაოები უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების აზრით, მოხატულობის მდგომარეობის მეტი დამძიმებისა და დამატებითი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, იტალიური ჯგუფის შემოთავაზებებისა და დასახული გეგმის დაუყოვნებლივ შეცვლა იყო საჭირო.
დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ჩუბინაშვილის ცენტრში 31 იანვარს კულტურის სამინისტროს აუდიტის სამსახური შევიდა.