პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნება აპირებს, რომ NGO-ების “გამჭვირვალობაზე” რუსული კანონი ხელახლა დააინიციროს.
“ეტყობა, გვერდები ეფხანებათ და როგორც ჩანს, დასკვნები ვერ გამოიტანეს. ფოცხი ამობრუნებული თუ გდია და დააბიჯებ, მისი ტარი თავში გხვდება – ერთხელ თავში მაგრად მოხვდათ და ეტყობა, ჩათვალეს, რომ ეს ფოცხი გადმოატრიალეს, მაგრამ ის კიდევ უფრო უარესად მოხვდებათ თავში”. – ამბობს ელისაშვილი.
ალეკო ელისაშვილი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარული სხდომიდან გააძევა. საკანონმდებლო ორგანოში გენდერული კვოტირების გაუქმებაზე ინიციატივის განხილვა მიმდინარეობს, თუმცა, თავისი გამოსვლა ოპოზიციის ნაწილმა სწორედ რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამოიყენა, რასაც დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
სხდომიდან გაძევებამდე, ალეკო ელისაშვილმა რუსული კანონის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
“ბატონო შალვა, მე მგონია, იმ კანონის უკან შემოტრიალება საქართველოსი და ჩვენი, ყველას შეურაცხყოფაა. ის კანონი არის რუსული და წერტილი არა, ძახილის ნიშანი. ერთი-ერთში გაქვთ ნათარგმნი და იმიტომ არის რუსული”. – თქვა ელისაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო – გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.
10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.