სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის შეფასებით, ალეკო ელისაშვილის დაკავებისას პოლიციელებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. ის ნაცემია. იოსელიანი ამბობს, რომ ამის შესახებ უკვე შეატყობინა საგამოძიებო სამსახურს.
“ჩვენ ის გუშინვე მოვინახულეთ. მას აღენიშნება დაზიანებები სახის არეში სისხლნაჟღენთების და ნაკაწრების სახით. იგი მიუთითებს ცემის შედეგად ზურგის არეში მიღებული ტრავმის შესახებ. ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის თაობაზე უკვე ვაცნობეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. აღნიშნული გამოძიების მონიტორინგს განხორიცლეებს სახალხო დამცველის აპარატი”, – განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ელისაშვილის გარდა მოინახულეს გუშინ, 4 დეკემბერს, სისხლის სამართლის წესით დაკავებული ყველა მოქალაქე. მათ შორის, პარტია “ახალის” ლიდერები, ნიკა გვარამია და ზურა დათუნაშვილი, ასევე “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი, გელა ხასაია.
“შემაშფოთებელია ის მეთოდები, რომლებსაც სამართალდამცავები იყენებენ მოქალაქეთა დაკავების დროს. საგანგაშოდ ბევრი დაკავებული მიუთითებს ცემასა და არასათანადო მოპყრობაზე. მათი მითითების მიღმა, აღნიშნული მეთოდები ცხადად ჩანს მედიის მიერ გავრცელებულ კადრებშიც”, – აცხადებს იოსელიანი.
ის მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართონ გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გუშინ ოპოზიციური პარტიების ოფისები გაჩხრიკეს.