ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტის დასრულების შესახებ ეუთო ინფორმაციას ავრცელებს

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტის დასრულების შესახებ ეუთო შემაჯამებელ პრესრელიზს ავრცელებს.
ელინა ვალტონენი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით, 14-15 ოქტომბერს სტუმრობდა.
როგორც ეუთოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, მაღალი დონის შეხვედრებისას, რომლებიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან შედგა, ელინა ვალტონენმა თანამოსაუბრეები დაარწმუნა ეუთოს უცვლელ მხარდაჭერაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიმართ.
პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ მინისტრმა ვალტონენმა 2008 წლის ომის ხანგრძლივი შედეგები იხილა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ვიზიტის დროს.
„გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების მუდმივი ყურადღება კონფლიქტის კონტექსტის მიმართ. მე ვაფასებ სამხრეთ კავკასიაში ჩემი სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ კრისტოფ შპეტის აქტიურ ძალისხმევას ამ მხრივ“, – განაცხადა ვალტონენმა.
პრესრელიზის თანახმადვე, ელინა ვალტონენმა ხაზი გაუსვა ეუთოს წევრი სახელმწიფოებისა და ეუთოს ინსტიტუტების შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიულ მმართველობასა და შემზღუდავ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც აფერხებს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ჟურნალისტების საქმიანობის სივრცეს.
„არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტორები დემოკრატიული მდგრადობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისა არიან. ისინი უსამართლობას ებრძვიან, ინოვაციებს უწყობენ ხელს და ხელისუფლებისგან ანგარიშვალდებულებას ითხოვენ.
მათი ხმა არა მხოლოდ უნდა ისმოდეს, ისინი დაცულები უნდა იყვნენ. საქართველოს მთავრობამ კრიზისიდან გამოსავალი უნდა იპოვოს და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობა აღადგინოს“, – ეუთო შემაჯამებელ პრესრელიზში აქვეყნებს ვალტონენის ციტატას.
15 ოქტომბერს, დილით, მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი მ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა „კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობის გამო გააუქმა“.
ელინა ვალტონენი 14 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე გავიდა, დემონსტრანტებს შეხვდა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან სპეციალური მიმართვაც ჩაწერა, რომელშიც თქვა, რომ პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან ქვეყნის გეზის გამო შეშფოთებული მოქალაქეები.
მისი ეს განცხადება და რუსთაველზე, დემონსტრანტებთან შეხვედრა, 15 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დაგმეს.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დემონსტრანტების მიერ გადაკეტილ რუსთაველის გამზირზე გასვლით „საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია“.
15 ოქტომბერს, საღამოს, ფინურმა გამოცემა Helsingin Sanomat-მა გაავრცელა ცნობა, რომ ირაკლი კობახიძის შეხვედრა ელინა ვალტონენთან არა მასპინძლის, არამედ სტუმრის ინიციატივით გაუქმდა და ამის შესახებ სამშაბათს, 14 ოქტომბერს ღამით აცნობა კიდეც მან ქართულ მხარეს.