„ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით პროგრესი გვაქვს“ – ირაკლი ხმალაძე

ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით პროგრესი გვაქვს, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, მ BMG-ის კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, ბაზრობის მესაკუთრეებთან ინტენსიურად იმართება შეხვედრები.
„ისინი გარკვეულ გეგმარებაზე მუშაობენ, ჩვენ აქამდე თუ გვქონდა შეუთანხმებლობის პრობლემა, დღეს შეიძლება ითქვას, რომ აღარ გვაქვს. ქალაქის გენ-გეგმაში ელიავას ბაზრობის არეალთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები უკვე შევიტანეთ, გზათა ქსელი უკვე დატანილია. ახალი გზათა ქსელის შესაბამისად, ყველას აქვს შესაძლებლობა თავიანთი არეალის გრგ (განაშენიანების რეგულირების გეგმა) დაამუშაოს, ერთ-ერთი მსხვილი არეალის გეგმარებასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს სამუშაოები, მე ამ დღეებშიც მაქვს შეხვედრები, თუმცა დეტალურ ინფორმაციას ახლა ვერ გაგიმხელთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს თვეებში გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
bm.ge