ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი აცხადებს, რომ ადვოკატებს სასამართლოებში მობილურების შეტანა არ შეეზღუდებათ.
ასათიანის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჰქონდა სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
„ადვოკატებისათვის ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობის შეზღუდვა არ არის დაგეგმილი და გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ელექტრონული მოწყობილობები (მობილური ტელეფონი/ლეპტოპი) ის აუცილებელ სამუშაო ხელსაწყოებია, რომელთა გარეშეც ადვოკატის სრულფასოვანი საქმიანობა, ელექტრონული მართლმსაჯულების ეპოქაში, წარმოუდგენელია და შესაბამისად, ამ მიმართულებით, რაიმე სახის შეზღუდვის დაწესება გამოიწვევს ადვოკატის საქმიანობის პირდაპირ ხელშეშლას, რაც დაუშვებელია“, — წერს ასათიანი.
საქართველოს იუსტიციის საბჭოსთან არსებულმა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით 19 სასამართლოსთვის ავეჯი შეიძინა, რომელთა შორის მობილური მოწყობილობების შესანახი სათავსოებიცაა.
ივნისის მიწურულს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 2 დღეში მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც სასამართლო სხდომების გაშუქება შეიზღუდა. სასამართლოს ტერიტორიაზე, ეზოშიც კი, აიკრძალა ფოტო-ვიდეო გადაღება და აუდიოჩაწერა.
ინფორმაციის გამოტანის ალტერნატივად ტელე-მედიას სასამართლოს ეზოში შესასვლელთან სხდომებზე მონაწილე და დამსწრე პირების კომენტარების ჩაწერა დარჩა. სასამართლოში მიმდინარე მოვლენების შეძლებისდაგვარად დეტალური დოკუმენტირება ონლაინ-მედიამ ითავა. სხვადასხვა გამოცემა, მათ შორის ნეტგაზეთი, ჩაწერისა და გადაღების აკრძალვის შემდეგ, ლაივ-ბლოგებითა და სხვა ალტერნატიული საშუალებებით პირდაპირ სხდომათა დარბაზიდან მაუწყებლობდნენ.
ნიშნავს თუ არა მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილი სათავსოების მონტაჟი სასამართლოში იმას, რომ „ქართული ოცნება“ სხდომებზე მობილური ტელეფონების შეტანის ასაკრძალადაც ემზადება — ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების ჩამორთმევა ჟურნალისტებისთვის კიდევ უფრო მეტად გაართულებს და ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის სასამართლოში მიმდინარე მოვლენების დროულ და მაქსიმალური სიზუსტით გაშუქებას.
პროტესტი გამოთქვეს ადვოკატებმაც.
„გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ადვოკატებს და პროცესის მონაწილეებს ელექტრონულ მოწყობილობას სასამართლოში არ შეატანინებენ. წინასწარ მინდა გავაფრთხილო სასამართლო, ადვოკატისთვის ტელეფონის ჩამორთმევა არ გამოვა. წერტილი“, — დაწერა facebook-ზე ირაკლი ჩომახაშვილმა.




